ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აუდიტორია 115”: ქვეყნის ელიტარულმა კლასმა მოსპო ის თანასწორობის იდეა, რომელსაც თავის დროზე უნივერსიტეტი დაეფუძნა

სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115” თვლის, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ სტუდენტების, ლექტორების, ადმინისტრაციის წევრების, კურსდამთავრებულების და იმ ადამიანების ძირითადი ნაწილის გარეშე ჩაიარა, ვისთვისაც უნივერსიტეტი ასე მნიშვნელოვანია.

სტუდენტები მიიჩნევენ, რომ დღეს, ქვეყნის ელიტარულმა კლასმა მოსპო ის თანასწორობის იდეა, რომელსაც თავის დროზე უნივერსიტეტი დაეფუძნა. ამის შესახებ მათ განცხადება გაავრცელეს.

“უნივერსიტეტის ასი წლის იუბილეზე, ამ ღირსშესანიშნავ დღეს, ქვეყანის ელიტარულმა კლასმა მოსპო ის თანასწორობის იდეა, რომელსაც თავის დროზე უნივერსიტეტი დაეფუძნა. უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება ჩაივლის სტუდენტების, ლექტორების, ადმინისტრაციის წევრების, კურსამთავრებულების, იმ ადამიანების ძირითადი ნაწილის გარეშე, ვისთვისაც უნივერსიტეტი ასე მნიშვნელოვანია. სამაგიეროდ, სავსე იქნება მთავრობის და პარლამენტის წევრებით, მერით, სხვა მაღალჩინოსნებით და მათი დაცვის წევრებით. ირონიულია, რომ საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის დახურულ ღონისძიებაზე მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ სტუმრებთან ადგილობრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის წარმომადგენლები ისაუბრებენ ჯავახიშვილის დანატოვარ ღირებულებებზე – თავისუფლებასა და თანასწორობის საუნივერსიტეტო იდეალებზე – და იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანია მათი პირნათლად შესრულება.

ეს ყველაფერი გვაგონებს სააკაშვილის მთავრობის იმ ნაცნობი პრაქტიკის გაგრძელებას, რომელიც დახურულ საუნივერსიტეტო შეხვედრებზე ნეოკომკავშირულ, რეჟიმისადმი ლოიალურად განწყობილ თვითმმართველობის ჯგუფებს დაატარებდა და ამგვარად გაურბოდა კრიტიკული აზრის მოსმენას. ეს ყველაფერი, დაახლოებით იმ შენობების რესტავრირებული გარე ფასადის გახსნის საზეიმო ცერემონიალს გავს, რომლის უკანა მხარე დანგრეული რჩებოდა. ჩვენ ყველა ამ დანგრეულ ნაწილში ვართ, ჩვენი სისტემით, ყოველდღიურობით, ლექციებით, მაღლივით, სტუდენტური საცხოვრებლით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებით, ადამიანებით, რომლებსაც სწავლის გადასახადის დასაფარად ხშირად დღე-ღამის გასწორება უწევთ. დანგრეულ ნაწილში ვართ არამხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ ქვეყნისაც – დაღუპული მუშებით, ბანკის ვალებით, არსებული ნარკოპოლიტიკით, ჩაგვრით, უთანასწორობით, შიმშილით, სიღარიბით”- ნათქვამია “აუდიტორია 115”-ის განცხადებაში.

სტუდენტები ცდილობდნენ ღონისძიებაზე შესვლას, თუმცა დაცვის წევრებმა დარბაზში შესასვლელი გზა გადაკეტეს.

იტვირთბა....