კომპანია „ბადაგონის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები დღეისათვის დასრულდა.
კომპანიის ადვოკატის თქმით, გამომძიებლებმა წაიღეს დოკუმენტაცია, რომელიც “ბადაგონის” საკუთრება იყო, ასევე წაღებულია უცხოურ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტებიც.
„ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ მოხდა პოლიტიკური პროცესი, წელს „ბადაგონი“ გახდა პირველი კომპანია, რომელმაც გაყიდა ყველაზე მეტი ღვინო, ყველაზე წარმატებული ბრენდია და პირველად გავიდა საგადასახადო მოგებაზე. როგორც კი დაინახეს სავარაუდო დამნაშავეებმა, რომ ბადაგონი არის წარმატებული კომპანია, მაშინვე შემოვარდნენ და წაიღეს ის დოკუმენტაცია, რომელსაც არ შეიძლება შეხება ქონდეს ვიღაც ჯანჯღავას განცხადებასთან“, – აღნიშნა ხატიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია “ბადაგონის” მიერ წილების მითვისების საქმეზე გამოძიება დღეს დაიწყო.
ფინანსთა სამინისტრომ საგამოძიებო სამსახურის მიერ ,კომპანია “ბადაგონის” საქმესთან დაკავშირებით, გაკეთებულ დამატებით განმარტებაში აღნიშნა, რომ კომპანია წარმოების პროცესს შეუფერხებლად განაგრძობს, რადგან საგამოძიებო ღონისძიებები შპს ,,ბადაგონის“ სათაო ოფისში მიმდინარეობს და არა უშუალოდ საწარმოებში.