ეკონომიკის სამინისტრო ინტერნეტსივრცეში საავტორო უფლებებს დაარეგულირებს.
ინტერნეტპროვაიდერი ვალდებულია საავტორო უფლებების დარღვევით განთავსებული მასალა ინტერნეტსივრციდან ამოიღოს. უფლების მფლობელს კი შესაძლებლობა ექნება სერვისპროვაიდერსა და კონტენტის განმათავსებელს სასამართლოში უჩივლოს.
ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ აღნიშნა, რომ თუ უფლების მქონე პირი მიმართავს საავტორო უფლების დარღვევაზე, ოპერატორი ვალდებულია მოახდინოს რეაგირება.
“კონტენტის მონიტორინგის ვალდებულებას შუალედურ ოპერატორებს არ ვაკისრებთ, თუმცა კანონი ამბობს, რომ თუკი უფლების მქონე პირი მიმართავს საავტორო უფლების დარღვევაზე, ამ შემთხვევაში ოპერატორი ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება”, – აღნიშნა ყუბუსიძემ.
კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტროსა და საქპატენტის მიერ შემუშავდა.