ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნაზი ჯანეზაშვილი: “საბჭოში ძველი ბიჭები გვყავს და საქმეების გარჩევაც მიდის”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა,  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა შოთა ქადაგიძემ არაკორექტულად ისაუბრა, რის გამოც კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დროებით დატოვეს.

“შოთა ქადაგიძე სრულიად ამოვარდნილია საკუთარი სტატუსიდან. ის იმდენად არაკორექტულად იქცევა და ისე მომმართავს, რომ მგონი არ იცის საბჭოს წევრი რომ არის. თავმჯდომარეს ვთხოვე, შეეხსენებინა მისი ვალდებულებები. საკმაოდ ძველი ბიჭები გვყავს საბჭოში. სამწუხაროდ, საქმის გარჩევებიც მიდის.

ჩემთვის მიუღებელია, როდესაც საბჭოს წევრი მომმართავს ისე, როგორც სხვა ტიპის ადამიანებს მიმართავენ. ჩემი პოზიცია გამოვხატე ლეილა მამულაშვილის შუამდგომლობასთან (მამულაშვილმა ანა დოლიძის აცილება მოითხოვა) დაკავშირებით და მიმაჩნია, რომ ეს არის დაუსაბუთებელი, თუმცა, ისიც აღვნიშნე, რომ „ადეიშვილის ნარჩენებთან“ დაკავშირებით დოლიძის პოზიციას არ ვიზიარებ.

ამაზე კითხვამ კრიტიკული დამოკიდებულება გამოიწვია. შოთა ქადაგიძე, რომელიც გამოირჩევა მოსამართლე წევრების პოზიციის მხარდაჭერით, ჩემი აზრით, მათი დავალებების შემსრულებელია”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

გასაუბრების პროცესზე ჯანეზაშვილის განცხადებით, ის სრულიად ამოვარდნილია ყველა ფორმატიდან. მისი თქმით, საბჭოს წევრმა მეთოფიშვილმა გარკვეულ საკითხებზე “პასუხები მოსთხოვა”.

“დილით, გასაუბრების გახსნამდე, სერგო მეთოფიშვილმა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე და ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარეა, ამავდროულად საბჭოს წევრიც არის, ჩემგან პასუხები მოითხოვა იმაზე, თუ რატომ მივეცი მედიას კომენტარი, რომ ისინი ეთიკის ნორმებს არღვევენ. დიახ, ახლაც ვაცხადებ, რომ ისინი ეთიკის ნორმებს არღვევენ, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციის მიერაა მიღებული. მეორე მხრივ, ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც ისინი დღეს ახორციელებენ, არის საშიში, ვინაიდან ცდილობენ, რომ გააჩუმონ სხვა წევრები, რომლებიც საერთოდ რამეზე საუბრობენ და ამავდროულად კრიტიკულები არიან. როგორც იცით, ჩვენთან გვყავს მდუმარე წევრები, რომლებიც საერთოდ ხმას არ იღებენ სხდომებზე და კომენტარებითაც არ გამოირჩევიან. როგორც ვიცით, მხოლოდ ორი მოსამართლე წევრი აკეთებს ხოლმე კომენტარს და ისიც, ალბათ, წინასწარ არის დაგეგმილი“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ამ თემასთან დაკავშირებით ანა დოლიძის საქმიდან აცილებაც მოხდა. ნაზი ჯანეზშვილის თქმით ეს საშიში ტენდენციაა.

„შესაძლოა, ამგვარი კამპანია კვლავ გაგრძელდეს, რომელიც შეთანხმებულია იმ კანდიდატებსა და მოსამართლე წევრებს შორის, რომლებსაც დღეს როგორც ერთ გუნდად წარმოდგენილს ვხედავთ. ჩემთვის კანდიდატის აცილების მოთხოვნის დაყენება, უფლებით ბოროტად სარგებლობა, ვინაიდან მათი შუამდგომლობები დაუსაბუთებელია”, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უვადოდ მოსამართლეთა არჩევის პროცესი კვლავაც მიმდინარეობს.

იტვირთბა....