საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრს ლელა გაფრინდაშვილს, ზედმეტი ჰონორარი დაერიცხა. ამასთან დაკავშირებით, დღეს ყოფილ წევრს მოქმედი სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები შეხვდნენ.
სხდომის დასრულებისთანავე ლელა გაფრინდაშვილმა მედიასთან განცხადებაა გააკეთა, რომ საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების შემდეგ , ის გარკვეული პერიოდი მაინც განაგრძობდა მუშაობას და ჰონორარი სწორედ ამ საქმეს უკავშირდებოდა.
„ჩემი ამოცანა იყო, რომ კიდევ ერთხელ გამეცნო სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის ჩემს მიერ გაწეული შრომის შესახებ. მთელი ეს პროცესი აღმეწერა, რომელიც დაახლოებით ორ წელს მოიცავდა, ის არგუმენტები მომეყვანა, რის გამოც მე დავიწყე მუშაობა ამ იდეაზე და მათგანაც მოვისმინე შეხედულებები“, – განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა.
ლელა გაფრინდაშვილმა საბჭოს ის დოკუმენტები წარმოუდგინა, რომელიც მის სამუშაო პროცესს მოიცავდა.
„მათ ჰქონდათ გარკვეული შეკითხვები იმაზე, რაც ვერ გაიგეს, რაც არ ახსოვდათ. სხვა შეკითხვებიც ჰქონდათ, დაზუსტებები. მე უკვე ველოდები სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.
როგორც მან განმარტა, მის მიმართ შეკითხვები აღარ არსებობდა, რადგან ეს ჰონორარი მის შრომას უკავშირდებოდა. არსებობს დოკუმენტები და საჯარო მიმოწერები, რაც ადასტურებს ლელა გაფრინდაშვილის კვლევაზე მუშაობას. მისივე თქმით, მან აღნიშნული სამუშაოს შესრულება 2015 წელს დაიწყო, როცა ჯერ კიდევ საბჭოს წევრი იყო, ხოლო როდესაც უფლებამოსილება შეუწყდა, საბჭოს იმდროინდელმა წევრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მას ამ თემაზე მუშაობა გაეგრძელებინა.
რაც შეეხება სამეურვეო საბჭოს ახალ წევრებს, ლელა გაფრინდაშვილის მათთანაც ჰქონდა შეხვედრა.
„სამეურვეო საბჭოს ახალ წევრებს ცალკე შევხვდი და ვუთხარი ჩემი იდეის შესახებ, განსაკუთრებით გია ნიჟარაძეს, რომელსაც თავის კონფეცფიაში საუბარი ჰქონდა იმ იდეაზე, როდესაც თავისი კანდიდატურა სამეურვეო საბჭოს წევრად წარადგინა“, – განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა.
მისივე თქმით, კვლევა, რომელიც მან შეასრულა უკავშირდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის კომუნიკაციას ხალხთან.
გაფრინდაშვილმა მედიასთან საუბრისას ყურადღება თანხის დაბრუნებაზეც გაამახვილი და აღნიშნა, რომ: „ვინც შეცდომა დაუშვა, თანხა იმან დააბრუნოს. მე შეცდომა არ დამიშვია“
შეგახსენებთ, რომ საბჭოს ყოფილმა წევრმა ლელა გაფრინდაშვილმა, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, უკანონოდ მიიღო 12800 ლარი. ამ თემის განხილვას საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ბუღალტერიც დაესწრო