დღეს, სამართალდამცველებმა “კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის” ტექნიკური მენეჯერი დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, მისსავე სამუშაო ადგილზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფსიქოტროპულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი პრეპარატი „ლირიკას“ 60 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო. მისი სამუშაო ოთახის ჩხრეკისას კი ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი 15 კაფსულა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ჭელიძის თქმით, 1-დან 5 თებერვლის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი, მათ შორის, 1 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
მისი ინფორმაციით, ამოღებულია: 44 შეკვრა ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი, 125 აბი „სუბოქსინი“ და ჰეროინის შემცველი, დაახლოებით, 60 გრამი ნარკოტიკული საშუალება.