თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხი განიხილება, მისმა ცოლმა თუბა ჩაბუქმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს ის არა პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ გადაწყვეტილებას ელის.
“წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ ჩვენს უფლებებს ბოლომდე და გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში და თუ საჭირო იქნება, ევროსასამართლოში”, – განაცხადა თუბა ჩაბუქმა.
ჩაბუქის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ ეს საქმე პოლიტიკური ხასიათისაა და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაიზიარებს პროკურატურის პოზიციას, 7 დღის ვადაში მათ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივებს.
“პარალელურად ვაპირებთ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა გამოყენებულ იქნას ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესი და შეჩერებულ იქნას საკითხის არსებით განხილვამდე მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია”, – განაცხადა ბარათაშვილმა.
თბილისში, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. ამის მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა გახდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.