ახალი ამბები მთავარი სამართალი

მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობის ვადა ამოეწურა

საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს 6 თებერვლის ღამეს შინაპატიმრობის მოქმედების ვადა ამოიწურა, – ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ „ინტერფაქს-უკრაინას“ განუცხადა.

„მიხეილ სააკაშვილს ბრალი პროკურატურამ 5 დეკემბერს წაუყენა. კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადა 6 თებერვლის ღამეს იწურება და აღკვეთის ღონისძიება ავტომატურად უქმდება. ამის შემდეგ სააკაშვილის მიმართ არანაირი შეზღუდვები არ მოქმედებს, გარდა იმისა, რომ მან, როგორც ეჭვმიტანილმა, უნდა მიიღოს უწყებები და გამოცხადდეს საგამოძიებო მოქმედებებზე“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საღამოს 10 საათიდან დილის 7 საათამდე მას სახლიდან გამოსვლა ეკრძალება. მოსამართლის გადაწყვეტილებას, საქართველოს  მესამე პრეზიდენტის და ყოფილი გუბერნატორის პროტესტი მოჰყვა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება და მასობრივი აქციებით დაიმუქრა.

 

 

იტვირთბა....