ატენის ქუჩის მცხოვრებლების ინტერესების დამცველმა დიმიტრი გაბუნიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ თბილისის მერია ატენის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობის შეჩერებას არ აპირებს.
ადვოკატი 6 თებერვალს პროკურატურას მერიის კონკრეტული მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემის საკითხზე მიმართავს, ხოლო როცა მერიის უარი წერილობით ჩაბარდება, საქმეს სასამართლოს გადასცემს. ამასთან, გაბუნია დასძენს, რომ ამ ქმედებებს თუ შედეგი არ მოყვა, საქმეს სტრასბურგში გაასაჩივრებს.
ატენის ქუჩის მცხოვრებლებმა მერიას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს. საუბარია კორპუსის მშენებლობის ნებართვაზე, რომლის გადახედვასაც მერს კიდევ ერთხელ სთხოვენ.
მოსახლეობის თქმით, კორპუსის მშენებლობა უზენაესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2017 წლის 20 აპრილს უკანონოდ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ატენის ქუჩაზე მშენებლობაზე თანხმობა, არქიტექტურის სამსახურმა 2018 წლის 15 იანვარს გასცა.