ინტერპოლი საქართველოს მთავრობის მოთხოვნით 27 პირს ეძებს. მათ შორისაა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური 79 წლის ასლან აბაშიძე, რომელიც 15 წელზე მეტია მოსკოვში ცხოვრობს.
ძებნილთა სიაში ბაჩო ახალაიას ყოფილი მოადგილის დავით ჭკადუას სახელიც ფიგურირებს, რომელიც პატიმრების წამებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია ბრალდებული. ჭკადუა რამდენიმე წელია ავსტრიაში ცხოვრობს. ის დააკავეს თუმცა გირაოს სანაცლოდ გაანთავისუფლეს. მისი ადვოკატის თქმით, ავსტრიამ საქართველოს ექსტრადირებაზე უარი უთხრა.
ინტერპოლი ასევე ეძებს მეგის ქარდავას. ის უკრაინაში 2017 წლის 1 ნოემბერს დააკავეს. ქარდავას წინააღმდეგ სასამართლოს საქართველოში არაერთ საქმეზე აქვს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი: ციხის ბუნტის საქმე (3 წელი და 9 თვე), ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე, (7 წელი და 6 თვე), ე.წ. კასრების საქმე (9 წელი) და სერგო თეთრაძის წამება (9 წელი).
წითელი ცირკულარით ძებნილ 27 პირს შორის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული, რუსეთის მოქალაქე რაშიდ კანჯი-ოღლიცაა, რომლის წინააღმდეგ აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.შეგახსენებთ, რომ 30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან სოფელ ხურჩაში მოკლეს.
ძებნილთა სიაში 2013 წლის 23 ივლისს, ბათუმში, 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელიცაა. მარიამ კოჩალიძე ბათუმის ბულვარში ყელგამოჭრილი იპოვეს. მისი სავარაუდო, მკვლელი შსს-ს ცნობით ირანის მოქალაქეა.
ინტერპოლის სიაში ყველაზე პატარა ბრალდებული 30 წლის კაკო ტუღუშია, რომელსაც ბრალად ედება კანონიერი ქურდობა, ყაჩაღობა და გამოძალვა.
წითელი ცირკულარით ძებნილ 27 პირს შორის ორი ქალია: თაღლითობაში ბრალდებული 42 წლის ირმა ქაფიანიძე და 54 წლის ლილი უსეინი, რომელიც ადამიანთა და ძვირფასეულობის ტრეფიკინგში, ასევე საზღვრის უკანონო კვეთაშია ბრალდებული.