პარლამენტთან პროფკავშირების გაერთიანების ახალგაზრდულმა მოძრაობამ გამაფრთხილებელ აქცია გამართა. პროტესტი შრომითი უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის განხილვის პარალელურად მიმდინარეობდა.
ორგანიზატორთა თქმით, აქციის მიზანია საკანონმდებლო ორგანოს პროფკავშირების პოზიცია შეახსენონ და მოუწოდონ, რომ რომ კანონპროექტი, რომლის მიღებასაც პარლამენტი გეგმავს, არაეფექტურია და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხებისგანაა დაცლილი.
აქციის მონაწილეების თქმით, დოკუმენტი არ მოიცავს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულების უსაფრთხოების თემას.
„დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი კვლავ რჩება უსაფრთხო შრომის პირობების გარეშე. კანონპროექტი არ არეგულირებს დასაქმებულების შრომის უფლებებს”, – განაცხადა ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიგა ბექაურმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ კანონპროექტზე სპეციალური განცხადება დღესვე გაავრცელა.
როგორც კობახიძე აცხადებს, საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ. ეს არის შრომითი საქმიანობის ის სფეროები, სადაც მდგომარეობა კრიტიკულია და სახელმწიფოს დაუყონებლივ ჩარევას საჭიროებს.
შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების კანონი 2017 წლის ბოლომდე უნდა მიეღოთ, თუმცა პირობა დაირღვა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მთავრობა დანაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.