ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“თუ ჩემი ექსტრადირება მოხდება, საქართველოში ეს ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება”

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში მიმდინარე სხდომაზე სასამართლო დარბაზი დატოვა.

შენობის დატოვების შემდეგ ის ერთ-ერთ უკრაინულ არხს პირდაპირ ეთერში ჩაერთო.

“არანაირი სამხედრო შენაერთები კიევის ქუჩებში არ უნდა იყოს, არც აქციებზე, არც ქუჩებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა რადიკალურები ვიქნებით, მშვიდობიანად რადიკალურები. მივალთ მათთან სახლებში და ვეტყვით, რომ უნდა მისცენ ხმა პრეზიდენტის გადაყენებას”,- აღნიშნა ყოფილმა გუბერნატორმა.

მისი თქმით, 18 თებერვალს აქცია გაიმართება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ, რომელიც არა მარტო კიევში, არამედ უკრაინის სხვა ქალაქებშიც იქნება. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ამის გამო უკრაინის ხელისუფლება ყველანაირად ეცდება მის საქართველოში დეპორტაციის დაჩქარებას.

„რა თქმა უნდა ეს არ არის სასამართლო. თუმცა ხომ ხედავთ, როგორი მხარდამჭერა მაქვს ხალხის. ხალხი ქუჩაში მხედავს, ჩერდება და ასე გამოხატავს მხარდაჭერას, ასე რომ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება ქვეყნიდან გამაძევონ, შეიძლება დამიჭირონ, თუმცა ამ მოძრაობას ვერაფერი შეაჩერებს. თუ ჩემი ექსტრადირება მოხდება, საქართველოში ეს ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება“, – აცხადებს სააკაშვილი.

კიევის სააპელაციო სასამართლო ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხს განიხილავს.

იტვირთბა....