ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სკოლებში მანდატურად მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი დაინიშნება

მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.

დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს.

შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური უძღვებოდნენ.

ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, სკოლებში მანდატურად მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი დაინიშნება.

ცვლილების თანახმად, მანდატურის სამსახურში მიღების ასაკი 21 წლამდე აიწევს.

ამასთან, იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს.

გაიზრდება მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა. კურსს შესაბამისი ექსპერტები გაუძღვებიან, რაც სწავლების მაღალ ხარისხს და მანდატურთა პროფესიულ ზრდას უზრუნველყოფს. ახალი კურსის შესაბამისად გადამზადებას მოქმედი მანდატურები ეტაპობრივად გაივლიან.

კანონპროექტი მიზნად ისახავს მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდას და უწყებებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის გზით როგორც სკოლის, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციას.

იტვირთბა....