სამი არასრულწლოვნის დაჭრაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორის თეონა გვაზავას განცხადებით 117-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა და არასრულწლოვანს განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, რაც 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„2018 წლის 31 იანვარს თბილისში განხორციელებულ არასრულწლოვანთა დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე, რომელსაც წარედგინა ბრალდება სსკ-ის კოდექსის 19-109 მუხლის მე-2 ნაწილის ბ და მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნებისა და ორი პირის მიმართ. წარდგენილი ბრალდება განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შესაბამისად, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ სრული მოცულობით გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია და აღკვეთის ღონისძიების სახით განუსაზღვრა პატიმრობა“, – განაცხადა თეონა გვაზავამ.
გვაზავას თქმით, საქმეში მოპოვებულმა მტკიცებულებებმა განაპირობა კვალიფიკაციის შეცვლა.