ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: “არასრულწლოვნების მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება შედარებით გამარტივებულია”

თბილისის საქალაქო სასამართლო სამი არასრულწლოვნის დაჭრაში ბრალდებული მოზარდისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

ბრალდებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ აღნიშნა, რომ ყველა წინაპირობაა იმისთვის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ დააპატიმრონ. ჭკადუა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

“მოლოდინებზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ზოგადად არასრულწლოვნების მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება შედარებით გამარტივებულია. მოცემულ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დაზარალებული ბავშვები თავს კარგად გრძნობენ და მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. თავად არასრულწლოვანი გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოებში, მან ითანამშრომლა, დანაშაულის იარაღი თავად მიუთითა, აქედან გამომდინარე, ყველა წინაპირობა არსებობს, რომ არ დააპატიმრონ. თუმცა სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვერაფერს მოგახსენებთ“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

სამი მოსწავლის დაჭრაში ბრალდებულს ბრალი გუშინ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში წარედგინა.

ცნობისთვის, 31 იანვარს წითელ ბაღში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს არასრულწლოვანმა სამი მოზარდი დაჭრა – ორი გულმკერდის და მუცლის არეში, მესამეს კი მსუბუქი ჭრილობა ხელზე მიაყენა.

იტვირთბა....