საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის შესაბამისი აუდიტის ანგარიშზე საუბრისას აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში განცხადებას გაავრცელებს, სადაც ყველა პუნქტზე იქნება პასუხი გაცემული.
”აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება განცხადება. იქ შენიშვნებია ძირითადად და ჩვენ ამ შენიშვნებთან დაკავშირებით პრეტენზიები გვაქვს. იყო ახსნა- განმარტებები გაკეთებული, რომელიც მათ არ გაითვალისწინეს. მაგალითად ეხება შესყიდვების თემას. კანონის არც ერთი მუხლი არ არის მითითებული და ასე შემდეგ. ამ ყველაფერზე წინასწარ საუბარი არ მინდა. ჩვენ გავივლით კონსულტაციას და ყველა პუნქტთან დაკავშირებით გავაკეთებთ განცხადებას”, – აღნიშნა გრიგოლ გოგელიამ.
თავმჯდომარე საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელფასების 1 182 139 ლარით ზრდასაც შეეხო, რაც სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული არ ყოფილა.
”მაგალითად დასკვნაში საუბარია ხელფასების ზრდაზე, რომ ხელფასები საზოგადოებრივ მაუწყებელში 1 182 139 ლარით გაიზარდა, რაც სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული არ ყოფილა. ჯერ ერთი ბორდის შეთანხმებას არ საჭიროებს თუ მუხლიდან მუხლში არ გადადის ბიუჯეტი. მეორე თემა უკავშირდება საკითხს, რომელიც აბსოლუტურად მთელი პრესისთვის იყო ცნობილი, როდესაც პროფკავშირებმა გამოთქვეს გაფიცვის მზადყოფნა, თუ არ იქნებოდა ხელფასები მომატებული.
ბორდი და მენეჯმენტი ეთხმად შევთანხმდით, რომ იმ ნაწილში გაზრდილიყო ხელფასი, სადაც მინიმალური იყო. გარკვეულწილად მათი მოთხოვნები გავიზიარეთ და მცირე ხელფასები გარკვეულ დონეზე ავწიეთ. როდესაც წერ, რომ ამაზე ბორდი არ იყო ინფორმირებული, არასწორია. თავად ბორდი იღებდა მონაწილეობას მოლაპარაკებებში”, – განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.