საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ზედმეტად გადახდილია ჰონორარის სახით 12 800 ლარი, რომელიც საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა უფლებამოსილების ვადის შეწყვეტის შემდეგ მიიღო.
გრიგოლ გოგელია არ ასახელებს, თუ რომელ წევრს ჩაერიცხა ჰონორარი შეცდომით.
”თუ რომელმა წევრმა აიღო ეს თანხა, მოდით ნუ დავაკონკრეტებთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. საქმეს სამეურვეო საბჭოსთან არანაირი შეხება არ აქვს. ჩვენ არც ბუღალტერიასთან გვაქვს საქმე. ეს იყო ბუღალტრული შეცდომა. მოხდა როტაცია, ორმა წევრმა დატოვა თანამდებობა და შემოვიდნენ ახალი წევრები. როდესაც როტაცია მოხდა, არ იყო მისი გვარი ამოღებული სიიდან. როდესაც კორექტირება წავიდა, მერე რა თქმა უნდა შეუწყდა ჰონორარის მიცემა. ეს მაუწყებლის ბუღალტრული შეცდომაა”, – განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლენილ კონკრეტულ დარღვევასთან დაკავშირებით მასალები პროკურატურაში გადააგზავნა. საქმე ეხება 2016 წელს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ზედმეტად გადახდილ ჰონორარს, რომელიც საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა უფლებამოსილების ვადის შეწყვეტის შემდეგ მიიღო.
აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, უსაფუძვლოდ გადახდილია 12 800 ლარი. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეურვეო საბჭოს წევრებს განესაზღვრათ უფლებამოსილების ვადები. სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც საბჭოში უფლებამოსილების ვადა შეუწყდა, 5 თვის განმავლობაში ჰონორარის სახით უსაფუძვლოდ მიღებული აქვს 12,800 ლარი. 2016 წელს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ზედმეტად გადახდილი ჰონორარი, ექვემდებარება ბიუჯეტში უკან დაბრუნებას“, – ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში დღეს გამოაქვეყნა.