ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრის მოადგილე პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცას მოქმედი კონსტიტუციით ხსნის

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი მობილიზაციის სფეროში პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცას მოქმედი კონსტიტუციით ხსნის.

“მობილიზაციის შესახებ კანონი გარკვეულწილად მოძველებულია. მოქმედი კონსტიტუციით განსაზღვრულია პრეზიდენტის უფლებამოსილება, თუ რა სფეროში აქვს პრეზიდენტს უფლებამოსილება. კონსტიტუცია ადგენს ჩარჩოებს და იქ არის საუბარი, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს და პრეზიდენტის უფლებამოსილებები ვრცელდება კონსტიტუციით განსაზღვრულ საკითხებზე. შესაბამისად, კანონმდებლობით განსაზღვრულ საკითხებზე პრეზიდენტის უფლებამოსილება არ ვრცელდება“, – განაცხადა ნუკრი გელაშვილმა.

შესაბამისი ცვლილებები “მობილიზაციის შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელიც ერთ-ერთია სამხედრო სარეზერვო სამსახურის რეფორმირების თაობაზე პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტიდან.

კერძოდ, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში, პრეზიდენტს აღარ ექნება აღნიშნული გადაწყვეტილების პარლამენტში დასამტკიცებლად შეტანის უფლებამოსილება, ასევე მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილება.

პროექტის თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილება აღარ იქნება მობილიზაციისათვის მზადყოფნის და მობილიზაციის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა. აღნიშნული ნორმა “საქართველოს თავდაცვის შესახებ“ კანონში აისახება და საქართველოს მთავრობის კომპეტენცია იქნება.

კანონპროექტის მიხედვით, მობილიზაციის დროს სამხედრო ძალებში გაწვევის გადავადება და გაწვევის გადავადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეჩერება აღარ განეკუთვნება პრეზიდენტის უფლებამოსილებას. აღნიშნულ საკითხებს “სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი ახლებურად არეგულირებს.

იტვირთბა....