გუშინ, წითელ ბაღში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მოსწავლის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე ახალ დეტალებს ყვება. ჩინჩალაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია თუ ვის ეჭირა ცივი იარაღი. თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩინჩალაძემ კონკრეტული სახელი და გვარი არ დაასახელა.
ადვოკატის განცხადებით, ის, ვინც ცივი იარაღი გამოიყენა, იდენტიფიცირებულია და სავარაუდოდ, მისი დაკითხვა მიმდინარეობს. ადვოკატის განცხადებით, ის პიროვნება, რომელმაც ცივი იარაღი გამოიყენა, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სწავლობდა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში 9 კლასი და შემდეგ გადავიდა 35-ე სკოლაში. როდესაც პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ბანკეტის გაკეთება, დაპატიჟეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად კიდევ სხვა პიროვნებები, რომლებიც ასევე, ადრე სწავლობდნენ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში.
მათი დაპატიჟება არ მოეწონათ სხვა კლასელებს და თქვეს, რომ ეს შეთანხმებული უნდა ყოფილიყო კლასთან და არა ერთ-ორ პიროვნებასთან. ამის გასარკვევად, თუ რატომ არ სურდათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პიროვნება ეხილათ ბანკეტზე, ბავშვები ერთმანეთს შეხვდნენ მდგომარეობის გარკვევის მიზნით. დაიძაბა ურთიერთობა. ზოგს ჰქონდა სურვილი, რომ ერთად გადაეხადათ ბანკეტი, ზოგს სურდა, ორი-სამი პიროვნება არ ყოფილიყო ბანკეტზე და აქედან წარმოიშვა ეს კონფლიქტი. ამ დაძაბული საუბრიდან გამომდინარე ერთ-ერთმა ცივი იარაღი გამოიყენა”, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, 35-ე სკოლის მოსწავლეები 31 იანვრის საღამოს საბურთალოზე, წითელ ბაღში დაჭრეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.