ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მაია ცირამუა: „ძალადობისგან ბავშვის დაცვა არის პირდაპირ კავშირში არასრულწლოვნების დანაშაულის პრევენციასთან“

ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა მოზარდებში ძალადობის ფაქტების გახშირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში ბავშვის დაცვა უნდა იყოს პრიორიტეტი.

ცირამუა „მეტრონომთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ყველაფერთან ერთად ქვეყანაში აგრესიული ფონია აწეული, რაც კიდევ უფრო ზრდის არასრულწლოვანებში დანაშაულის ჩადენის რისკს.

„არასრულწლოვნების და მათ შორის 14-წლამდე ბავშვების მიერ  დანაშაულის ჩადენის პრევენციისთვის არაფერს ვაკეთებთ. მსოფლიოში აღიარებულია, რომ თუ გვინდა ვიყოთ ეფექტურები და არასრულწლოვნებში დანაშაულებრივი ქმედებები შევამციროთ, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში, როდესაც ანტისოციალური ქმედების რისკი იზრდება, ქვეყანაში ბავშვი, ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობა და დაცვა უნდა იყოს პრიორიტეტი და ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს პრევენციული სამუშაოების ჩატარება. ჩვენთან ეს ყველფერი არც კონცეფციის დონეზე არსებობს, არც ქმედითი სამსახურები არიან და შესაბამისად ფაქტი სახეზეა. ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანაში აგრესიულობის ფონი ძალიან აწეულია.

ჩვენ არა მხოლოდ ბავშვებს შორის ძალადობაზე ვიგებთ ინფორმაციას, არამედ ოჯახში ძალადობის შესახებ, ბავშვთ მიმართ ძალადობის შესახებ, ვიცით ბულინგის შემთხვევებიც. ბავშვის დაცვა ძალადობისგან პირდაპირ კავშირშია იმასთან, ჩაიდენს თუ არა ის ხვალ დანაშაულს. თუ ბავშვის ძალადობისგან დაცვის კანონებს არ მივიღებთ, უხეში ძალადობის შემთხვევებში ეფექტურები არ ვიქნებით, მაშინ უნდა ვიყოთ მზად, რომ ბავშვები ბუმერანგივით მოგვიბრუნებენ ამ ყველაფერს. ძალადობისგან ბავშვის დაცვა არის პირდაპირ კავშირში არასრულწლოვნების დანაშაულის პრევენციასთან“, – აცხადებს ცირამუა.

იტვირთბა....