რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია.
„გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს 20:00 საათისთვის ორმა პირმა მიმართა. ორივეს აღენიშნება გულ-მკერდის წინა ზედაპირზე თითო ჭრილობა. ჭრილობები არის შემავალი. პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური. ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებია და არ არის სიცოცხლისათვის შეუთავსებელი. ამ ეტაპზე დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა თეა თავართქილაძემ. ექიმის თქმით, ორივე მოსწავლე 17 წლისაა.
ცნობისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი ცოტა ხნის წინ შეიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი მოზარდი 35-ე სკოლის მოსწავლეა, ხოლო მეორე დაჭრილი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობს. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.