ბაგა-ბაღ “იმედის” ორი აღსაზრდელის მშობელმა ქრისტინე კილასონიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბავშვების საავადმყოფოში მოხვედრის მიზეზი საკვები არ უნდა იყოს, რადგან ბაღის სხვა აღსაზრდელები კარგად არიან.
“პირღებინებით გადმოვიყვანე ორივე – 4 და 2 წლის ბიჭები. მხოლოდ პირღებინება აღენიშნებოდათ, სხვა არაფერი. ამ ეტაპზე ველოდები ანალიზის პასუხებს და მეუბნებიან, რომ 3-4 საათში სახლში ვიქნებით. არანაირი საგანგაშო სიტუაცია არაა. საკვებიდან გამომდინარეც არ არის, როგორც ექიმებმა აღნიშნეს. ბაღი იტყვის ალბათ ყველაფერს”, – განაცხადა კილასონიამ.
ცნობისთვის, თბილისის ზღვის ტურბაზასთან არსებულ დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღი „იმედის“ ხუთი აღსაზრდელი შეუძლოდ გახდა.
როგორც ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, აღსაზრდელებს აღენიშნებოდათ პირღებინება, მათგან სამი გადაყვანილია საავადმყოფოში, ხოლო ორი მშობლებმა სახლში წაიყვანეს.