ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ რასობრივ დისკრიმინაციაში ბრალდებულებს 4-4 წლით პატიმრობა მიუსაჯა

2018 წლის 31 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდების საქმეზე ორ პირს სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

“ირაკლი ა.-ს და ლევან ა.-ს სასამართლომ დამნაშავედ ცნო რასობრივ დისკრიმინაციაში, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვაში, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება. 

ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია,  რომ 2015 წლის 19 სექტემბერს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საღამოს საათებში, მსჯავრდებულებმა ნიგერიის მოქალაქეებს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც არსებითად ხელყო მათი უფლებები. იმავე დღეს, ლევან ა.-მ , მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარედ, ასევე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სხვა ფერადკანიან პირებს. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულების პიროვნება, მათი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ და ის გარემოება, რომ ისინი იყვნენ ნასამართლობის არმქონე პირები და სასჯელის სახით გამოიყენა წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი”- აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....