საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ანა გაბელაიას განცხადება შემდეგი ვებსაიტების წინააღმდეგ – for.ge, reportiori.ge,digest.pia.ge, kvira.ge.
სადავო გახდა მათ მიერ გიორგი გიორგანაშვილის (“ბახალა”) საქმეზე მომზადებული მასალა, რომლის თანახმადაც მათ მოიპოვეს დოკუმენტი, სადაც “ბახალა” აღიარებს 45 აბი სუბოტექსის ქონას.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სტატიებით აუდიტორია გამიზნულად “მოატყუეს”, მიაწოდეს ოქმი, რომელიც მხარეების დავის საგანია შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის რამდენიმე პრინციპი – პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეხუთე (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება).
გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. ის მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ხოლო შემდეგ კი მას სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 8-წლით მიესაჯა.
ბრალდებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს. თუმცა მოსამართლემ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.