დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულია ან მკურნალობა ჩაიტარა 45 ათასმა ადამიანმა, საიდანაც განკურნების მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს. ინფორმაციას ipn-ი ცენტრის ხელმძღვანელთან, ამირან გამყრელიძესთან ინტერვიუს შემდეგ ავრცელებს.
სკრინინგი ჩაიტარა 1 400 000 ათასმა მოსახლემ, მათგან ზოგიერთმა ორჯერ. რაც შეეხება უნიკალურ პაციენტებს, ანუ ადამიანებს, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვთ ჩატარებული სკრინინგი, მათი რიცხვი 900 ათასს შეადგეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, გამოკვლევა გაიკეთოს და C ჰეპატიტთან დაკავშირებით თავისი სტატუსი დაადგინოს.
”მომავალი სამი წლის განმავლობაში უნდა შემოწმდეს დაახლოებით მილიონ 800 ათასი ადამიანი. ეს არის უნიკალური შანსი, რადგან C ჰეპატიტის მკურნალობა გახლავთ ბოლო წლებში მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარღვევა. ის გახდა განკურნებადი დაავადება. ამ შანსით საქართველოს მოსახლეობამ უნდა ისარგებლოს. არაფერია სასირცხვილო. თუ არ იცით თქვენი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში, მიბრძანდით, ტესტირებაც და მკურნალობაც არის უფასო. მოვუწოდებ მოსახლეობას, ისარგებლეთ ამ შანსით”, – ამბობს ამირან გამყრელიძემ.