წინა მოწვევის თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მეტროსადგური „ვარკეთილი“ შავ სიაში მყოფმა კომპანიამ გაარემონტა.
როგორც „მეტრონომთან“ საუბარში ელისაშვილმა განაცხადა, მან თავის დროზე დასვა საკითხი, რომ არ ჭირდებოდა მეტროსადგურს ახალი ჭერი, მაგრამ არავინ დაუჯერა.
„მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რემონტს მე ვაპროტესტებდი, ზაფხულში დავსვი საკითხი და შეგიძლიათ, ეს გადაამოწმოთ. კარგი იქნება თუ საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ ტყემალაძეს მოკითხავთ, რომელიც მაშინ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო და არც მან და არც მაშინდელმა „ქართული ოცნების“ არც ერთმა დეპუტატმა ყური არ შეიბერტყა. საკრებულოში როდესაც ეს საკითხი დავსვი, ყველა აქეთ მომმვარდა – შენ არაფერი არ მოგწონს, ჩასაფრებული ხარ და ა.შ. შავ სიაში მყოფ კომპანია „ყვარელრემშენს“, რომელსაც მეტროს რეაბილიტაციის არანაირი კვალიფიკაცია არ ქონდა, ორი ტენდერი მისცეს. „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოხსნეს და ახალი ჭერი მიამაგრეს. მაშინ ვამბობდი, რომ იმ ვესტიბულს ახალი შეკიდული ჭერი არ ჭირდებოდა, რადგან ის ისედაც ბეტონისგანაა გაკეთებული, შეეღებათ და მორჩა. მაშინ ლამის ხალხის მტრად გამომაცხადეს და ხალხს რომ თავზე დაემხო ახლა აღმოაჩინეს, ხო? რომ ამბობენ გავარკვევთ და პასუხი იქნებაო, ერთის მხრივ არის აგერ ნარმანია დოყლაპია, რომელიც ამის გამო ახლა ციხეში უნდა იჯდეს. მეორე მხარეს არის კომპანია. დაიჭირონ ნარმანია და კომპანიის ხელმძღვანელი, რათ უნდა ამას გარკვევა. ყიზილბაშები მოვიდნენ და იმათმა მიამაგრეს ჭერი? რა გარკვევა უნდა ამას. სასაცილოა ეს. ერთი შავ სიაში მყოფი ჩინაჩური კომპანია მიიყვანეს და ტენდერი მოაგებინეს. დარწმუნებული ვარ, რომ მანდ კორუფციული სქემა ქონდათ. ტყემალაძემაც უნდა აგოს თავის წილი პასუხი ახლა რომ თვალებს აკვარკვარებს და ვითომ არაფერი იცის“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანია დაშავებული, რომლებიც 4 სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
4 ადამიანი შედარებით მძიმედაა დაშავებული, მათგან 2-ს საოპერაციოდ ამზადებენ. „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმყოფებოდა, რომელმაც დაშავებული 4 პაციენტი მოინახულა.