“შეკიდული ჭერი წამოვიდა ტალღასავით, ჩვენ მიწისძვრა გვეგონა. ვყვიროდით, ჩაბნელდა, შუქებიც აღარ იყო და ყვიროდნენ ფრთხილად გადითო”- ამის შესახებ მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამოშლის ინციდენტზე ერთ-ერთი თვითმხილველი “პრაიმთაიმთან” ყვება.
“არ ვიცი ეს რა იყო, ახლაც შოკში ვარ. მთლიანად ჭერი ჩამოინგრა. დავინახეთ როგორ მოდიოდა. ჩვენ მატარებელში ვიყავით. გადავრჩით რასაც ჰქვია. ეს იყო ახალი აშენებული და ეტყობა როგორი გაკეთებულიც არის. შეკიდული ჭერი წამოვიდა ტალღასავით, ჩვენ მიწისძვრა გვეგონა. ვყვიროდით, ჩაბნელდა, შუქებიც აღარ იყო და ყვიროდნენ ფრთხილად გადითო. დაშავებულები დაბლა ეყარნენ. მალევე მოვიდა სასწრაფო და მალე ამოიყვანეს დაშავებულები” – ამბობს თვითმხილველი.
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანია დაშავებული, რომლებიც 4 სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
4 ადამიანი შედარებით მძიმედაა დაშავებული, მათგან 2-ს საოპერაციოდ ამზადებენ. „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმყოფებოდა, რომელმაც დაშავებული 4 პაციენტი მოინახულა.