მეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც დღეს დილით ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. განახლებული სადგური 22 სექტემბერს დედაქალაქის მაშინდელმა მერმა დავით ნარმანიამ გახსნა და ჩაიბარა.
„ვარკეთილის“ სადგურის სარემონტო სამუშაოები, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, 2016 წლის ბოლოს დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.
ოთხი თვის წინ, მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ მეტრო “ვარკეთილში“ განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა. დღეს დილით კი სწორედ ის ახალი გაკეთებული ჭერი ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 7 ადამიანი მძიმედ დაშავდა. მაშველებმა ყველა მათგანი უკვე გამოიყვანეს და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მეტრო-სადგურ ვარკეთილი ამ ეტაპზე დაკეტილია და მგზავრებს არ უშვებენ. როდემდე გაგრძელდება ეს შეზღუდვები ჯერჯერობით უცნობია.