აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„საკუთარმა მინისტრმა მიღალატა“: კონგოში დაკარგული სოსო ოსორაულის ძმა დეტალებს ყვება

კონგოს რესპუბლიკაში დაკარგული ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის ძმა გიორგი ოსორაული „მეტრონომთან“ ამბობს, რომ მფრინავი ცოცხალია და მის მოსაძებნად არის წასული. ოსორაული აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ის გარდაცვლილად შეგნებულად გამოაცხადა და ამის არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ის იმ ფოტოზეც საუბრობს, სადაც თითქოს და მფრინავი გარდაცვლილია ასახული. მისი თქმით, ეს არის დადგმული სცენა, ან ფოტოშოპი, სადაც მისი ძმის გარდაცვალება ბუნდოვანია.

ოსორაული ამბობს, რომ არც წითელი ჯვრის ორგანიზაცია და არც გაეროს სოსო ოსორაულის გარდაცვალება არ დაუდასტურებია. უფრო მეტიც, გიორგი ოსორაული ამბობს, რომ ამას არც კონგოს ხელისუფლება ადასტურებს. ის საქართველოს ხელისუფლებას გულგრილობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებს.

„მეტრონომი“: თქვენ აცხადებთ, რომ  მფრინავი ცოცხალია და თქვენი ძმის მოსაძებნად წახვედით. სად იმყოფებით ახლა და რა ინფორმაციას ფლობთ მის შესახებ?

გიორგი ოსორაული: დაგიდასტურებთ, რომ ნამდვილად ჩემი ძმის მოსაძებნად ვიმყოფები, თუმცა ვერ გეტვით, სად ვარ და ვისთან მაქვს ამ ეტაპზე კონტაქტი. გეტყვით, რომ მისი გარდაცვალების შესახებ არსებული ინფორმაცია არასწორია და ეს შეგნებულად, მიზანმიმართულად არის გავრცელებული. ბოლოს, სიტუაცია ისე განვითარდა, რომ ხელისუფლება რაღაცებს მე მაბრალებდა და ჩემზე ხელის შეწმენდა უნდოდათ.

ამბობდნენ, რომ  საქმის მოგვარებას ხელი მე შევუშალე. შემდეგ უკვე აღარავინ დარჩა სახელმწიფოს მხრიდან ვის მიმართაც ნდობა მექნებოდა. მათ ჩემს წინააღმდეგ მოქმედება დაიწყეს და ცდილობდნენ, რომ საქმეს ჩამოვშორებოდი. როდესაც ვკითხულობდი რა ხდებოდა მოლაპარაკებაზე მეუბნებოდნენ, რომ ბევრ კითხვებს ვსვამდი და მოლაპარაკებებს ხელს ვუშლიდი. ამ საქმის მოგვარება ბევრად ადრე და მარტივად შეიძლებოდა, ვიდრე დღეს.

– თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლებამ სოსო ოსორაულის გამოსახსნელად ძალისხმევა არ გამოიჩინა და მისი დროული გათავისუფლება არ მოხდა? რას გულისხმობთ, რაში გამოიხატებოდა ეს, ჩვენ ვიცით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული…

– ზოგადად ხელისუფლებისგან რა ინფორმაციასაც ვიღებდი, მხოლოდ სიტყვიერი იყო. რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები არ მინახავს. არანაირი დოკუმენტალური მასალა არ მიგვიღია, ვისთან მიდიოდა მოლაპარაკება, ვის ხვდებოდნენ, რას ეუბნებოდნენ  და ა.შ. შესაბამისად, მერე ნათლად გამოჩნდა, რომ მხოლოდ მიწერ-მოწერა ჰქონდა სამხრეთ აფრიკაში ჩვენს ელჩს, რომელიც ვიღაცებს ხვდებოდა და მათ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება არ შეეძლოთ.

ეს თემები ელჩის დონეზე არ წყდება, აქ უფრო მაღლი დონის მთავრობის პირები უნდა ჩართულიყვნენ. ფაქტის წინაშე მალევე დავდექი, რომ ხელისუფლება არანაირ მოლაპარაკებებსაც არ აწარმოებდა. აქ სხვა ძალიან ბევრი ფაქტორია, რაზეც ვერ ვისაუბრებ და არ მინდა, ამით სახელმწიფოს რაიმე ზიანი მივაყენო.

ასეთ ტყვეობაში ძალიან ბევრი ქართველია და ჩვენი ხელისუფლება მათ დასახსნელად  არაფერს აკეთებს. ხელისუფლებას სოსოს საქმის გახმაურება არც უნდოდა, რადგანაც მაშინ სხვა ოჯახებიც მოითხოვდა, რომ ტყვეობაში სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოხსნა მომხდარიყო.

ამიტომაც ამჯობინეს, სიტუაცია დარჩენილიყო ისე, როგორც იყო. მათი მხრიდანაც იყო საუბარი, რომ თუ სოსოს გამოსახსნელ თანხას გადაიხდიდნენ, მაშინ მათთან სხვა ოჯახებიც მივიდოდა და დახმარებას ითხოვდნენ. ბევრ რაღაცას უბრალოდ ვერ ვამბობ.

– ახლა რა კონკრეტული მტკიცებულებები გაქვთ იმის, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია? ერთ-ერთმა იქაურმა პოლიტიკოსმა ბელტრან ბისიმომ განაცხადა, რომ ის გარდაცვლილია. არსებობს ამის დამადასტურებელი ფოტოც, რომელზეც პროკურატურაში გამოძიებაც დაიწყო. ნახეთ თქვენ ეს ფოტო, ამოიცანით თქვენი ძმა?

– არსებობს ერთადერთი ფოტო, რომელიც მხრებს ზემოთ არის  ღამე გადაღებული. ამ ფოტოს საფუძველზე საგარეო საქმეთა სამინისტროში მითხრეს, რომ სოსო გარდაცვლილია და თავში აქვს ნასროლი, მაგრამ რეალურად, ეს ფოტო, რომ ვნახე, მას ნასროლის კვალიც არ ეტყობა.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ ადამიანს საფერთქელთან მიბჯენით, რომ იარაღს ესვრი, თავი ექნება სისხლით მოსვრილი და გახეთქილი. ასეთ დროს სახის ამოცნობა როგორ მოხდება? ყველაფერი დაზიანებული ხომ უნდა ჰქონდეს? ამ ფოტოზე მსგავსი არაფერია…

ეს შეიძლება იყოს როგორც ფოტომონტაჟი, ასევე ხელოვნურად დადგმული, იმისთვის, რომ ის მკვდრად იქნას გამოცხადებული. მითხრეს, რომ გადაგზავნეს სამხარაულის ექსპერტიზაზე, თუმცა რა დასკვნა არსებობს, უცნობია. მე მინდოდა თავად ამ ფოტოს შემოწმება ექსპერტიზაზე, მაგრამ ამის საშუალება არ მომცეს. საიდან აქვთ ეს ფოტო ეგეც არ ვიცი. ასეთი მტკიცებულებით ბავშვსაც ვერ დააჯერებენ.

ბერტრან ბისიმას რაც შეეხება, რომელმაც „იმედის“ სიუჟეტში ისაუბრა, ამ ადამიანს ასეთი ინფორმაციის ფლობის საშუალება ვერ ექნებოდა. ეს ადამიანი იქ  არაფერს წარმოადგენს.  ეს იყო სპეციალურად ხელისუფლებისგან შეკვეთილი სიუჟეტი.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე სოსოსთან  სატელეფონო კონტაქტი მქონდა. ეს არ არის სიმართლე, თუმცა კონგოში არიან ქართველი გენერლები, რომლებიც ამბობენ, რომ ის ცოცხალია და ამ ინფორმაციას საკმაოდ სანდო წყაროები გვიდასტურებენ. მყავს ჩემი ინფორმატორები და წყაროები, რომლებიც სხვადასხვა მტკიცებულებების მეშვეობით მიდასტურებენ, რომ ცოცხალია.

ხელისუფლებას მისი დაღუპვის 10-15 ვერსია აქვს. სანამ დნმ-ის ანალიზი არ იქნება დადებული ადამიანს ერთი გაურკვეველი ფოტოს მეშვეობით მკვდრად რატომ აცხადებენ? ასეთი სცენების დადგმა, ჩვეულებრივი ამბავია. ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ, მიცვალებულსაც ფასი აქვს. ისინი გარდაცვლილითაც ივაჭრებდნენ   მართლა მკვდარი რომ იყოს.

– რამდენად არსებობდა იმის შანსი, რომ თუ ხელისუფლება გამტაცებლებს ფულს გადაუხდიდა სოსოს ნამდვილად გამოუშვებდნენ. ასევე, რა თქმა უნდა, რომ თავად კონგოს ხელისუფლებასაც არ აწყობდა, რომ ამბოხებულებისთვის ფული გადაეხადათ, რომელსაც იარაღის საყიდლად გამოიყენებდნენ. არსებობდა ძალიან ბევრი წინააღმდეგობა და რისკები, რომელსაც ალბათ ხელისუფლება ითვალისწინებდა…

– რაც შეეხება თანის გადახდას, მეკონტაქტებოდა ადამიანი, რომელიც 1 მილიონ დოლარს ითხოვდა. შესაბამისად, მე ავუხსენი, რომ ამხელა თანხას ვერ გადავუხდიდი, რადგანაც ამის საშუალება არ მქონდა. მან მითხრა, რომ მაშინ ამაში დახმარებისთვის სახელმწიფოსთვის უნდა მიმემართა.

ითხოვდა გამტაცებელი, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ჩასულიყო მათთან და კონკრეტულ ადგილს ასახელებდა, გვეუბნებოდა, ამ მოლაპარაკებებს თავად უშუალოდ უხელმძღვანელებდა და ამაში კონგოს ხელისუფლება საერთოდ არაფერს შუაში იყო.

მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდა საქართველო და ერთი სხვა ქვეყანა, რომლის სახელსაც არ დავასახლებ. მეორე მხრიდან მოლაპარაკებებში გამტაცებლები იყვნენ ჩართულნი. არც წითელი ჯვრის წარმომადგენლებს და არც გაეროს ოფიციალური მონაწერი ტექსტები არ მინახავს. არცერთი მხარე არ ადასტურებს მისი გარდაცვალების ვერსიას. მეორეც, გარდაცვლილი არც ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ უნახავთ. მხოლოდ ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ ის დაიღუპა.

– აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენი თავდაცვის სამინისტროდან წამოსვლის შესახებ. თქვენ სამსახური ნებით დატოვეთ თუ გაგათავისუფლეს?

– 4 ივლისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რომ გაიტაცეს საქართველოდან, მაშინ როგორც სააზოგადოების ასევე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების თუ არასამთავრობო ორგანიზციების მხრიდან სერიოზული მღელვარება იყო. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი თავისთავად დასაგმობია, მაგრამ მაშინ გული მეტკინა, რომ გმირი მფრინავი, რომელმაც 2008 წლის ომში უამრავი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა, არავის ახსოვდა და მის ბედზე არავინ დარდობდა. გამოვედი მაშინ და აქციები დავაანონსე.

მე როგორც თავდაცვის სამინისტროს თანამშომელს მეკრძალებოდა მსგავს საპროტესტო აქციებში მონაწილეობა. ისე მოხდა, რომ ამის შემდეგ, მეორე დღეს სამსახურში ხელმძღვანელმა დამიბარა და მკითხა რა ხდებოდა. მოვითხოვე თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა. შევხვდი იზორიას, მოვუყევი ჩემი გულისტკივილის შესახებ…

იზორიამ მომისმინა და მითხრა, რომ ამ საქმეში ჩაერთვებოდა. მასთან საუბარში ვთქვი, რომ თუ თავდაცვის სამინისტროს ზიანს ვაყენებდი ჩემი განცხადებებით, მაშინ სამსახურიდან წავიდოდი. მინისტრმა მითხრა, რომ ის ამის მომხრე არ იყო და პოლიტიკური პარტიები ამას ქულების ჩასაწერად გამოიყენებდნენ. ამის შემდეგ,  მეც გავჩერდი და ველოდებოდი მინისტრის მოქმედებას. თუმცა, მთელი ორი თვის განმავლობაში იზორიამ არაფერი გააკეთა, ამით უბრალოდ, დრო მოიგო და პატარა ბავშვივით მომატყუა. სწორედ ამის შემდეგ მივედი და სამსახურიდან წასვლის შესახებ 2 სექტემბერს განცხადება დავწერე. მისი იმედი მქონდა დარჩენილი და აღმოჩნდა, რომ ჩემმა საკუთარმა მინისტრმაც მიღალატა და მომატყუა.

– რაც შეეხება თქვენი ძმის თავდაცვის სამინისტროდან წასვლას, ბევრი ადამიანი საუბრობს, რომ ის თინა ხიდაშელმა სამსახურიდან გაათავისუფლა. თუმცა ყოფილმა მინისტრმა ჩემთან საუბარში ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ მას მფრინავი  სამსახურიდან არ გაუშვია. რას იტყვით ამის შესახებ?

– სოსო სამსახურიდან თავისი ნებით წავიდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მფრინავს თვითმფრინავის გამოყენება და ფრენა აღარ შეეძლო. ის რვა თვის განმავლობაში მხოლოდ ხელფასს იღებდა. მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ის ვეღარასოდეს გაფრინდებოდა, რადგანაც სამინისტროს ეს სფერო აღარ აინტერესებდა. ამიტომ დაწერა განცხადება და სამსახურიდან წავიდა.

– ახლა რისი იმედი გაქვთ და რას აპირებთ? თუ ის ცოცხალია, სახელმწიფოს დახმარების გარეშე რას იზამთ?

– არ ვიცი კონკრეტული გეგემები ჯერ არ ამქვს. მთავარია, რომ ვიპოვო და ცოცხალი იყოს. ერთს ვიტყვი, რომ სანამ პირში სული მიდგას და ვსუნთქავ, ჩემი ძმის ძებნას არ შევწყვეტ და მას საქართველოში დავაბრუნებ.

ავტორი: ელზა პაპოშვილი 

იტვირთბა....