„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე „რუსთვის 2“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ კასპის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი მეზურნიშვილი „NDI”-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.
„NDI-ის დირექტორის განცხადება წარმოადგენდა ამერიკის პრეზიდენტის კრიტიკას ამერიკის მოქალაქის მხრიდან და არანაირად არ უკავშირდება საქართველოს ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის კრიტიკას, ეს ერთი საკითხი და მეორე – თუკი რამემ დააზარალა საქართველოს ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე, ეს არის „ქართული ოცნების“ ხუთწლიანი დეკლარირებული პოლიტიკა, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს დისკუსიის საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის,“ – აცხადებს ოთარ კახიძე.
საუბარია ლორა თორნტონის მიერ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსზე:
”გასულ ღამეს, “იმედის” ჟურნალისტმა სიტყვასიტყვით მკითხა, ხომ არ გეგმავდა NDI-ი აშშ-ის და რუსეთის სამხედრო ძალებზე კითხვის ფორმულირებით ამერიკის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს! მაგრამ მე მომწონს ვარაუდი, თითქოს ამხელა გავლენა გვაქვს!” – დაწერა ლორა თორნტონმა Facebook-ის პირად გვერდზე.