შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორად გიორგი ყაყიჩაშვილი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ყაყიჩაშვილი საერთაშორისო ექსპერტ-ანალიტიკოსია კონტრტერორიზმის, უსაფრთხოების, დაგეგმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში.
იგი 2015 აგვისტოდან 2018 წლის იანვრამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
2014–2015 წლებში გიორგი ყაყიჩაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ანალიტიკური სამმართველოს უფროსი იყო, ხოლო 2013-2014 წლებში საქართველოს შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის საერთაშორისო ტერორიზმის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა.
2010-2013 წლებში იგი საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში იყო სნაიპერების სამსახურის უფროსი, საბრძოლო სპეც.დანაყოფის უფროსი, დაგეგმარების უფროსი, სნაიპერებისა და საბრძოლო დანაყოფების ინსტრუქტორი.
2000-2010 წლებში გიორგი ყაყიჩაშვილი იყო საქართველოს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ობიექტებისა და პირადი დაცვების სამმართველოს დაცვის უფროსი, საქართველოს შსს-ს სპეციალური დანიშნულების სამმართველოს საბრძოლო სამსახურის ჯგუფის უფროსი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირების პირადი დაცვის, სტრატეგიული შენობა-ნაგებობების დაცვის, სპეცილური დანიშნულების დანაყოფის ჯგუფის უფროსი და საქართველოს შსს-ს სპეციალური ოპერაციების (კონტრტერორისტული ) ცენტრის ქვედანაყოფის უფროსი.
გიორგი ყაყიჩაშვილი 2016 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტია. 2006 წელს მან დაამთავრა საქართველოს იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტი, სამართლის მაგისტრია; 2005 წელს კი წარჩინებით დაამთავრა საქართველოს შსს-ს აკადემია.