ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირაკლი ალადაშვილი: „რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თითქმის ყველანაირი სამხედრო ტექნიკა აქვს განთავსებული“

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „მეტრონომთან“ საუბრისას ამერიკის მიერ უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო სისტემის (JAVELIN) შესაძლო გადაცემას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო  და უკრაინა სუვერენული ქვეყნები არიან და სრული უფლება აქვთ, რომ სამხედრო თვალსაზრისით, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან ითანამშრომლონ.

„რუსეთი, ამერიკასთან საქართველოსა და უკრაინის ყველანაირ სამხედრო ურთიერთობას გააპროტესტებს. თუმცა, საქართველო  და უკრაინა სუვერენული ქვეყნები არიან და სრული უფლება აქვთ, რომ სამხედრო თვალსაზრისით, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან ითანამშრომლონ. რუსეთის ფედერაციას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, ორი სამხედრო ბაზა (მე-4 და მე-7) აქვს განთავსებული, სადაც ოკუპაციის დაწყებიდან დიდძალი სახის სამხედრო ტექნიკაა განლაგებული. ამ შეიარაღების გაძლიერებას აზრი აღარ აქვს იმიტომ, რომ იქ ჯაველინთან შედარებით ბევრად სერიოზული ტექნიკა აქვთ განთავსებული. ჩვენნაირმა ქვეყანამ, რომელიც ცდილობს, რომ იყოს სუვერენული, მით უმეტეს მსოფლიოში დღეს არსებულ ვითარებაში, პოლიტიკური ბალანსი უნდა დაიცვას, რათა მსხვერპლი არ გახდეს და ჯოხი მასზე არ გადატყდეს. დაახლოებით ის, რაც აგვისტოს ომის დროს მოხდა“, – აცხადებს ალადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  უკრაინა და აშშ კიევისთვის ტანკსაწინააღმდეგო სისტემის გადაცემის საკითხზე მუშაობენ. როგორც უკრაინის საკითხებში აშშ-ს სპეციალურმა წარმოამდგენელმა კურტ ვოლკერმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, Javelin-ი თავდაცვითი საშუალებაა და ის თავდასხმისთვის არ გამოიყენება.

“მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის მხოლოდ თავდაცვითი ტექნიკა და ის სასარგებლოა მაშინ, როდესაც ტანკები გიტევენ. ასეთ შემთხვევაში ტანკების ნეიტრალიზება შეიძლება. ამიტომ ეს ყველაზე თავდაცვითი შეიარაღებაა, ის არ გამოიყენება თავდასხმისთვის. ვფიქრობ, უკრაინა ეთანხმება ამ პოზიციას“, – განაცხადა აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა.

23 დეკემბერს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების გეგმას, რომელშიც ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები Javelin-ი შედის.

აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტში უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისთვის 350 მილიონი დოლარია გათვალისწინებული.

იტვირთბა....