ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროკომისარი რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ მაგალითად საქართველოს ასახელებს

ევროკომისარი უსაფრთხოების საკითხებში ჯულიან კინგი გერმანული გამოცემის გამოქვეყნებულ წერილში რუსული პროპაგანდის შესახებ საუბრობს. კინგმა საქართველოს შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც მოიტანა მაგალითად.

ბრიუსელში დარწმუნებული არიან, რომ რუსეთის ხელისუფლება მიზანმიმართულ კამპანიას ატარებს, რომლის სამიზნეც დასავლური დემოკრატიაა. კინგის თქმით, ინტერნეტში ამ ბრძოლის ახალი ფრონტის ხაზი გადის.

„თითქმის არავის ეპარება ეჭვი, რომ საქმე გვაქვს ცბიერ, ოსტატურად ორკესტრირებულ და რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ დეზინფორმაციულ კამპანიასთან. რუსმა სამხედროებმა ინტერნეტში ახალი ფრონტის ხაზი გახსნეს და ახალ იარაღად ცრუ ინფორმაციას ოსტატურად იყენებენ. გავრცელებული ცნობები, თითქოს ევროკავშირი საქართველოში ინცესტის შემთხვევებს სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებს და უგულებელყოფს – რუსული პროპაგანდის ერთი მაგალითია.

აუცილებელია, ყველა ასაკის მომხმარებლის მედია განათლების ხარისხის გაზრდა, რათა მათ უკეთ შეძლონ ონლაინ მედიით გავრცელებული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი. ჩვენ თავად არ უნდა ვიქცეთ იმ ადამიანების თანამზრახველებად, ვინც დემოკრატიულ სისტემას ებრძვის“, – წერს ევროკომისარი.

ჯულიან კინგი საფრთხედ მიიჩნევს ჰაკერულ თავდასხმებს, კომპიუტერული ვირუსების გავრცელებას, ტერორიზმის ონლაინ პროპაგანდას, ცრუ ინფორმაციით საზოგადობრივი აზრით მანიპულირების მცდელობას და დასავლური ღია სისტემის ისეთ იარაღად გადაქცევას, რომელითაც თავად დემოკრატიას ებრძვიან.

იტვირთბა....