ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩიხრაძე: ვიხილეთ მარკერმომარჯვებული პარლამენტის თავმჯდომარის ფუყე თავდაჯერებით სავსე გამოსვლა

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

“დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ მარკერმომარჯვებული პარლამენტის თავმჯდომარის ფუყე თავდაჯერებით სავსე გამოსვლა ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით, სადაც თურმე მან ვერ იპოვა ვერანაირი არგუმენტი და დასაბუთებული წინადადება.

სამწუხაროა, რომ ჩვენ ამას ვისმენთ იმ ადამიანისაგან, რომლის ავტორობითაც მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები და პრაქტიკულად მეორე დღესვე, თავად დაიწყო მიღებული ცვლილებების ჩასწორება.

დღესაც ის ესაუბრებოდა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს იმაზე, რომ თურმე მიღებული კანონის შემდეგ, რომელსაც ამდენი ვნებათაღლევა მოჰყვა მიღების პროცესში, ახლა უნდა დაიწყოს გამოთვლები, არგუმენტების აწონ-დაწონა და ისე უნდა იქნას გადაყვეტილებები მიღებული, რაც თავის დროზე უნდა გაკეთებულიყო და არა პოსტ ფაქტუმ.

დღეს მოვისმინეთ, რომ თურმე მმართველი პარტიის ინტერესი არ არის მიღებული კანონების საფუძველზე, რა ვითარება შეიქმნება, მედიაბაზარზე და მას ავიწყდება, რომ მმართველი პარტიის ინტერესი, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებული უნდა იყოს სახელმწიფოს ინტერესზე და სახელმწიფოს ინტერესია ის, რომ ქვეყანაში არსებობდეს დაბალანსებული მედიაბაზარი, არ ზარალდებოდეს მედიამრავალფეროვნება, რომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელიც“ იყოს ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობილი, მაგრამ ეს არ უშლიდეს ხელს სხვა მედიასაშუალებების განვითარებაში“, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი კობახიძემ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს სთხოვა, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, წარმოადგინონ საკუთარი ხედვა.

22 დეკემბერს პარლამენტში “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს მხარი მესამე მოსმენით, 63-მა პარლამენტარმა დაუჭირა.

იტვირთბა....