კონგოში დატყვევებული მფრინავის, სოსო ოსორაულის ძმამ, „სკაიპით“ ჩართვისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან იცის ძმის სავარაუდო ადგილსამყოფელი, მაგრამ ამ ეტაპზე ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებს.
„ვაპირებ ჩავიდე აფრიკაში და იმ პირებს შევხვდე ვინც ინფორმაციას მაწვდის. ვიცი, რომ ჩემი ძმა ცოცხალია და მისი სავარაუდო ადგილსამყოფელიც ვიცი“, – განაცხადა ოსორაულმა.
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის უშუალოდ ესაუბრა მის დაკარგულ ძმას, სიმართლეს არ შეესაბამება. გიორგი ოსორაული აღნიშნავს, რომ საკუთარ ძმასთან კონტაქტი მას შემდეგ აღარ აქვს, რაც საქმეში საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერთო. ამასთან, გიორგი ოსორაული საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.
სოსო ოსორაული 2017 წლის 27 იანვარს კონგოს რესპუბლიკაში დაატყვევეს.