პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები აცახდებენ, რომ სპეცრაზმი მათ სახლში შეცდომით მივიდა. გარდაცვლილი თემირლანის მამა ამბობს, რომ ამის გამო სუს-ის ხელმძღვანელი გომელაური საქვეყნოდ უნდა დაისაჯოს.
მაჩალიკაშვილის დედა აცხადებს, რომ მის შვილს თემირლანს და დაკავებულ რუსლან ალდამოვს, ბავშვობაში ერთი და იგივე სახელს ეძახდნენ. მედიკო მარგოშვილის თქმით, სწორედ ამიტომ ვარაუდობს, რომ სამართალდამცველებს არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ:
“ალდამოვს, მე იმ დღიდანვე რაღაცას ვეჭვობდი, ჩემს შვილსაც თემირლანს თემოსაც ეძახდნენ და ამ რუსლანსაც ბავშვობაში, თუმცა ახლა თემო ერქვა. მე ეჭვები მებადებოდა, ხომ არ შეეშალათ, ან ის რატომ უნდა მოეკლათ, მოკვლით არავინ არ უნდა მოეკლათ…იმ ღამესვე ვუთხარი თქვენ ან მისამართი შეგეშალათ, ცრუ ინფორმაცია გაქვთ შვილო, ჩვენ მარტო ვჩხრეკავთო. რამდენიც გინდა გაჩხრიკეთ მე წინააღმდეგი არა ვარ…
ამათ ჩემს ოჯახში, ჩემ თვალწინ, ჩემს სახლში გააკეთეს ტერაქტი, ტერაქტი სხვაგან არა ყოფილა, ჩემს სახლში მოხდა ტერაქტი” აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა.
განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სპეცრაზმი მაჩალიკაშვილების სახლში შეცდომით შევიდა და 19 წლის ახალგაზრდას შეცდომით ესროლა, რუსლან ალდამოვის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა გუშინ გააკეთა. მისი თქმით, ალდამოვმა მას უთხრა, რომ სპეცრაზმს რეალურად, მისი ლიკვიდაცია უნდოდა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელებმა დაჭრეს. ის ორი კვირის განმავლობაში თბილისში მკურნალობდა, თუმცა 10 იანვარს გარდაიცვალა. ოჯახი სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს და ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს.