“მწერლები რომ აქტივისტთა დამოუკიდებელ ჯგუფად ყალიბდებიან თვალსა და ხელს შუა შეატყვეთ? ეს არის ძალიან, ძალიან მაგარი ამბავი”- ამის შესახებ კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია facebook-ზე წერს.
მისი თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი დაჯგუფდება და საკუთარი სოციალური კაპიტალის სინერგიით იბრძოლებს სამართლიანობისთვის, მით უფრო გაძლიერდება დემოკრატია.
“ამ ქვეყანაში რამე დემოკრატია თუ არსებობს, ის სამოქალაქო სექტორის მხრებზე დგას და სამოქალაქო სექტორში მხოლოდ ენჯეობს არ ვგულისხმობ ცხადია.
ვინც მწერლების ესეთ ორგანიზებულობაზე ცხვირს იბზუებს, ვერ ხვდება მთავარს.
ამ ქვეყანას ჯიბის მთავრობები ვერ გადაარჩენენ, ამ ქვეყანას გადავარჩენთ ჩვენ, ხალხი – ქვემოდან ზემოთ და გარედან შიგნით – ანუ ხელისუფლების არმქონენი. ამით აღვასრულებთ დემოკრატიასაც – ხალხის მმართველობას.
ნურც ისინი იწუწუნებენ, ვისაც ჯიბეგაფხეკილი მწერლები ელიტა ჰგონია. რა თქმა უნდა, სოციალური კაპიტალის მქონის ხმა უფრო ძლიერია; მთავარია ეს ხმა ხალხის გასაჭირს აჟღერებდეს. შსს-ს და სუსის თავგასულობა და უკონტროლობა, ისევე როგორც დრაკონული ნარკოპოლიტიკა – ხალხის გასაჭირია.
გარდა ამისა, ჩვენ წარმატებული მაგალითები გვჭირდება – თვითორგანიზება და აქტივიზმი გადამდებია. გვიყურებენ, სწავლობენ და ორგანიზდებიან მერე თვითონაც. სულ უფრო მეტი თვითორგანიზებული ჯგუფი უნდა შეიქმნას და უნდა ვისწავლოთ სოლიდარობა – ერთად დგომა ერთი მიზნისთვის.
ყველა ერთისთვის!”- წერს პატარაია.
დღეს, 18:00 საათზე პარლამენტის შენობასთან არსებული ნარკოპოლიტიკის გასაპტოტესტებლად აქცია იმართება. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე “ბახალას” სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, მას ნარკოტიკული საშუალების „ბუპრენორფინის“ შემცველი 45 აბი და 4 აბის ნატეხი აღმოუჩინეს. გიორგანაშვილი აცხადებს, რომ მას აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნის და პოლიციელებმა ჩაუდეს.