“თეთრი ხმაურის მოძრაობა” არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით, ლოზუნგით “ყველა ერთისთვის” დღეს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან 18:00 საათზე აქციას მართავს.
მოძრაობის წევრების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისა და მოძრაობა “თეთრი ხმაურის” წევრის, ბექა წიქარიშვილის გათავისუფლებაა. აქციის ორგანიზატორები პრეზიდენტს გიორგანაშვილის შეწყალებას სთხოვენ. წიქარიშვილი კი “ბახალას” განაჩენის შემდეგ დააკავეს, მან სასამართლოს შენობის შესასვლელს აგური ესროლა, რის შედეგადაც მინა ჩაიმსხვრა. ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს და 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
მოძრაობაში აცხადებენ, რომ აქცია მშვიდობიანი ხასიათის იქნება და ამით შეეცდებიან კიდევ ერთხელ მოუწოდონ ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლისკენ.
აქცია მანამდე კალცელარიასთან, 17:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა ლოკაცია და დრო შეიცვალა და ახლა ის, 18:00 საათზე პარლამენტთან გაიმართება.
შეგახსენებთ, გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. ის მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ხოლო გუშინ კი მას სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 8-წლით მიესაჯა.
ბრალდებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს. თუმცა მოსამართლემ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.