ახალი ამბები მთავარი სამართალი

წილოსანი “ბახალაზე”: 45 აბი ნარკოტიკული საშუალება მხოლოდ მოხმარებისთვის არ იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა “ტვ პირველის” გადაცემა “პოლიტმეტრში” ბახალას შესახებ ისაუბრა.

“ადამიანი, რომელიც ფლობს 45 აბ ნარკოტიკულ საშუალებას, როგორც მომაწოდეს ინფორმაცია ეს დაახლოებით არის 30 000 ლარის ღირებულების თუ მეტის. ეს ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის დაუჯერებელია და ჩემს რწმენას კიდევ უფრო მეტად ამყარებს, რომ ეს მხოლოდ მოხმარებისთვის არ იყო. ჩემი განწყობა ამას გამოხატავდა, რომ მას ჰქონდა სხვა მიზნები.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემი პოზიცია არ უკავშირდებოდა ამ საკითხის პირველ ნაწილს – სამართლებრივ მხარეს. მე არ მიკამათია იმაზე რამდენად დასაბუთებული იყო პროკურატურის ბრალეულობა, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. თუმცა, მინდა დავსძინო რომ მოსამართლემ სცნო გადაწყვეტილება, რომ ეს არა მხოლოდ მოხმარებისთვის იყო, არამედ იყო სხვა მიზნებისთვის. არსებობს სხვა ინსტანციებიც, რომელსაც ბრალდების მხარე აუცილებლად გამოიყენებს. რაც შეეხება იმას რაღაცა გადაცდომებს ჰქონდა თუ არა ადგილი პროკურატურის მხრიდან, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სათანადოდ იქნება გამოძიებული.

ადამიანურად კარგად მესმის მისი ახლობლების, რომლებსაც გული შეტკივათ ამ თემაზე. მე არ დამირღვევია უდანაშაულობის პრეზუმფცია და როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება იქნა გამოცხადებული, მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთე შეფასება”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. ის მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ხოლო გუშინ კი მას სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 8-წლით მიესაჯა.

ბრალდებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს. თუმცა მოსამართლემ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

იტვირთბა....