ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

უმრავლესობის დეპუტატი: “ბახალას” წაყენებული მუხლიდან მინიმალური წელი რატომ მიუსაჯეს?

“ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი facebook-ზე მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის(ბახალა) გუშინდელ განაჩენს ეხმაურება. მისთვის გაუგებარია, რატომ მიუსაჯეს “ბახალას” მინიმალური სასჯელი – 8 წელი:

“საინტერესო, საოცარი და გენიალური საზოგადოება ვართ და რაც მთავარია ყველაფერში პროფესიონალურად გათვითცნობიერებული.

თან გვიკვირს ნარკომანიის მიმართ რომანტიული განწყობები რატომ არის და ამდენი ნარკოდამოკიდებული რატომ ყავს ქვეყანას …

გავიგეთ ბახალა სახელი და უცბად აჭრიამულდა საზოგადოება, ოღონდ არც კი ვიცით რისთვის მიუსაჯეს 8 წელი… თუ 45 აბუ ( 400 გრამამდე) სუბოტექსი გამოსაზამთრებლად შეიძინა ან ის 843 აბი მძღოლს რომ გამოატანა დიდი მარაგების გასაკეთებლად სჭირდებოდა. მაგრამ არა, ეს შინაარსი ვის აინტერესებს ან კიდევ უარესი თუ დაინტერესდით და მაინც ესეთ ამბავში ხართ… მე პირადად საწინააღმდეგო კითხვა გამიჩნდა- წაყენებული მუხლიდან მინიმალური წელი რატომ მიუსაჯეს , მუხლი ხომ 8-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა ?!

P.S. და კიდევ, შედარებები რომ მოყავთ სამი კაცის დამჭრელს, ერთი ადამიანის დამჭრელს იგივე როგორ მიესაჯაო, აი აქ ჩანს ზუსტად როგორი რომანტიული დამოკიდებულება გვაქვს ნარკოგამსაღებლების მიმართ და რომ ვერც კი ვაცნობიერებთ იმ სიმძიმეს რასაც ნარკოგამსაღებელი ქვია”- წერს წილოსანი. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. ის მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ხოლო გუშინ კი მას სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 8-წლით მიესაჯა.

ბრალდებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს. თუმცა მოსამართლემ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

პროკურატურის განცხადების მიხედვით, გიორგი გიორგანაშვილმა თურქეთიდან საქართველოში 843 აბი ნარკოტიკული საშუალება პირს რეანომობილით შემოატანინა.

როგორც “მეტრონომთან” გიორგანაშვილის ადვოკატი გიორგი მახარაძე ამბობს, პროკურატურის განცხადება სამარცხვინოა და ის ემსახურება ადამიანის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას:

“პროკურატურას ასეთი სამარცხვინო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ის 843-აბიანი საქმე თავიდან იყო ბახალას საქმესთან ერთად, თუმცა შემდეგ თვითონ პროკურატურა დარწმუნდა და შესაბამისი დადგენილებით გამოყო ბახალას საქმე ცალკე წარმოებად, რადგან ბახალას კავშირი იმ ამოღებულ დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერებებთან არ დადგინდა. თვითონ დარწმუნდნენ ამაში. ახლა პიარის სტიქიაშია გადასული ეს ყველაფერი, რომ თითქოს, რაღაც უარყოფითი განწყობები შექმნან საზოგადოებაში. აბსოლუტურად უსირცხვილო პოზიციაა სამართალდამცავი ორგანოსგან”- აღნიშნა მახარაძემ.

 

იტვირთბა....