ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“თეთრი ხმაურის მოძრაობა”: მოვუწოდებთ პრეზიდენტს, დაგვიბრუნოს გიორგი გიორგანაშვილი

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის გუშინდელ განაჩენთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში მოძრაობა სხვა მოთხოვნებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს სთხოვს,  გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლება-მოსილება და შეიწყალოს დაკავებული გიორგი გიორგანაშვილი.

“ქვეყანაში, სადაც მუქარის გამოყენებით გაუპატიურება 3-დან 5 წლამდე ისჯება, მოძალადეებსა და მკვლელებს 5 წლამდე პატიმრობას აკმარებენ და ასაფეთქებელი ნივთიერებების მფლობელებს ერთ წელიწადში ათავისუფლებენ საპატიმროებიდან, ნარკომომხმარებლებს, რომელთაც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების მცდელობა ედებათ ბრალად, რვიდან ოც წლამდე ან უვადოდ სვამენ ციხეში მიკროდოზების გამო.

დღეს საქალაქო სასამართლომ არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის ლეგიტიმაცია კიდევ ერთხელ მოახდინა, ჩვენს აქტივისტ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და იგი სასამართლოს სხდომის დარბაზშივე დააკავეს. საქალაქო სასამართლოსთან, ასევე დააკავეს რეჟისორი თორნიკე ბზიავა და თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი.

პროკურატურა გიორგი გიორგანაშვილს პირადი მოხმარების მიზნით 0.37 გრამი იმ ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. თუმცა სასამართლოსთვის ადამიანის 8 წლით ციხეში გასაგზავნად საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ 2 პოლიციელის ჩვენება.

საქმის მსვლელობაზე ზემოქმედება არ მოუხდენია არც იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე, პროკურატურამ “ბახალას” საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გიორგი გიორგანაშვილის საქმე ნათლად აჩენს დღეს არსებული ნარკოპოლიტიკისა და მართლმსაჯულების სისტემურ პრობლემებს. სამწუხაროდ, არსებული პოლიტიკა მთლიანად ორიენტირებულია ადამიანების იზოლაციასა და ჩაგვრაზე, ხოლო სასამართლო და კონკრეტული მოსამართლეები ვერ ხედავენ აღნიშნულ უსამართლობას და ბრმად აღასრულებენ მართლმსაჯულებას იმ კანონების საფუძველზე, რომლებიც ორიენტირებულია ადამიანების დევნასა და მათ იზოლაციაზე.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების, ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების თაობაზე, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ხელახალ ლეგიტიმაციას ანიჭებს ე.წ. ჩადებების პრაქტიკას. პოლიციაში დაუსჯელობის სინდრომს აძლიერებს ისიც, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა პროკურატურას სრულყოფილად არ გამოუძიებია და არ დამდგარა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა.

„ჩადებების“ თემა საზოგადოებისთვის ახალი არ არის. სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ ვიხილეთ „ბირჟა მაფიის“ საქმე, რომელშიც ბრალდებულები ამბობდნენ, რომ მათ ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს. საქმისადმი ფართო საზოგადოებრივი ინტერესის აღძვრის შემდეგ სასამართლომ „ბირჟა მაფიის“ წევრების წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება მართლაც ჩაუდეს. მიუხედავად აღნიშნული გამამართლებელი განაჩენისა, შსს-ის თანამშრომლები კვლავაც აგრძელებენ უფლებამოსილების შესრულებას. ამ შემთხვევაზე ასევე ყურადღება გამახვილდა Human rights watch-ის კვლევაში, თუმცა არც ამის შემდგომ მიეცა გამოძიებას ახალი მსვლელობა.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით ადამიანების წლობით გაწირვას, ოჯახების გაუბედურებასა და ჩაგვრას. სახელმწიფოს მხირდან ნებისმიერი ძალადობის მიმართ უკომპრომისოები ვიქნებით!

გიორგი გორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან;

გათავისუფლდეს მოძრაობის წევრი ბექა წიქარიშვილი;

კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები;

უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული , ფაშისტური ნარკოპოლიტკა.

მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლება-მოსილება და დაგვიბრუნოს გიორგი გიორგანაშვილი.

სწორედ ამ მოთხოვნებს ეფუძნება აქცია ლოზუნგით – ყველა ერთისთვის! რომელიც 25 იანვარს, 17:00 საათზე, კანცელარიის შენობასთან გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერებისა და მეგობრების ინიციატივით გაიმართება”- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. ის მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ხოლო გუშინ კი მას სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 8-წლით მიესაჯა.

ბრალდებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს. თუმცა მოსამართლემ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ „თეთრი ხმაურის მოძარაობის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა სასამართლოს შენობას პროტესტის ნიშნად აგური ესროლა, რის შედეგადაც მინა ჩაიმსხვრა და ის მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს რეჟისორი თორნიკე ბზიავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით, რომელსაც 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

იტვირთბა....