ახალი ამბები მთავარი სამართალი

“როდესაც ადამიანს გასაღება არ უმტკიცდება და მას 8 წლით აპატიმრებენ, კანონმდებლობის ეს ნორმა არაადამიანურია”

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია და კანონში არის ხარვეზი, რომელიც გამოსასწორებელია. მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის განაჩენს აკაკი ზოიძე “ქრონიკის” ეთერში გამოეხმაურა.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს უმტკიცდება ბრალი, რომ აქვს გარკვეული რაოდენობით აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერება ჯიბეში და ამის გამო, ისე, რომ არ უმტკიცდება გაყიდვის, ან გასაღების ფაქტი და ამის გამო ადამიანი მიდის რვა წლით ციხეში, კანონმდებლობის ეს ნორმა, ჩემი აზრით, არის არაადამიანური და სწორედ ამ კუთხით ვამბობთ ჩვენ, რომ უნდა გავაადამიანუროთ ნარკოპოლიტიკა“.

„ეს იყო 7 თვის წინ შემოტანილი საკანონმდებლო ინიციატივის ძირითადი არსი, პრინციპი, თუ არის გამსაღებელი ნარკოტიკის, ის უნდა დაისაჯოს დაუნდობლად, მათ შორის 8 წლით და უფრო მეტი ვადითაც, მაგრამ თუ ადამიანი პირადი მოხმარების მიზნით ფლობს მცირე ოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერებას… სამწუხაროდ, იმ ნივთიერებაზე, რაზეც გიორგანაშვილის შემთხვევაში იყო ამოღებული, არ არის განსაზღვრული ზღვრული ოდენობა და არანაირი პირადი მოხმარების ოდენობა.

ამის გამო ნებისმიერი ოდენობა ითვლება განსაკუთრებულ დიდ ოდენობად. სასამართლო ხელისუფლებას შეზღუდული აქვს დისკრეცია, ინდივიდუალურად განეხილა გიორგანაშვილის საქმე, რომელსაც არ მგონია საზოგაოდებისათვის რაიმე ზიანი მოეტანა“, -განაცხადა ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. ის მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ხოლო დღეს კი მას სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 8-წლით მიესაჯა.

ბრალდებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს. თუმცა მოსამართლემ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ „თეთრი ხმაურის მოძარაობის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა სასამართლოს შენობას პროტესტის ნიშნად აგური ესროლა, რის შედეგადაც მინა ჩაიმსხვრა და ის მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს რეჟისორი თორნიკე ბზიავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით.

იტვირთბა....