შემოქმედებითი მოძრაობა „ტალღა“ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მიმართ სასამართლოს დღევანდელ განაჩენს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც “ბახალას” 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. მოძრაობაში ამბობენ, რომ ახლა მთავრობას შეუძლია წამზომი ჩართოს, რადგან ის ვერაფერს მიხვდა და სათანადოდ ვერ შეაფასა ისინი:
„სალამ ყველა მეომარს!!! დღეს ერთი საათის წინ სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა ჩვენს თანამებრძოლს და „ტალღის” იდეის ავტორს, გიორგი გიორგანაშვილს, „ბახალას”!!! ალბათ, ეს მთავრობა ვერაფერს მიხვდა, ალბათ, სათანადოდ ვერ შეგვაფასა. დრო მოვიდა, ტალღა გადაიქცეს ცუნამად!!!! ჩვენ წამებს აღარ ვითვლით. ახლა მთავრობას შეუძლია ჩართოს წამზომი!!! მეომრებო, საბოლოო ბრძოლა იწყება!! რამდენიმე საათში ჩვენ დავაანონსებთ სამოქმედო გეგმას, გეგმას რომლის განხორციელებას ყველა თავისუფლებისთვის მეომარი სჭირდება!!!!! ჩვენ უკან დასახევი ნაბიჯი აღარ გვაქვს!!! ჩვენ მეომრებს გასაჭირში არ ვტოვებთ!!!! ერთხელ და სამუდამოდ ვანახოთ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და არ გვეშინია!!!!!”- წერია მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. ის მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ხოლო დღეს კი მას სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 8-წლით მიესაჯა.
ბრალდებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს. თუმცა მოსამართლემ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ „თეთრი ხმაურის მოძარაობის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა სასამართლოს შენობას პროტესტის ნიშნად აგური ესროლა, რის შედეგადაც მინა ჩაიმსხვრა და ის მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს რეჟისორი თორნიკე ბზიავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით.