“ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC) მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მიმართ დღეს გამოტანილ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ “ბახალა” თვეების განმავლობაში საუბრობდა მისთვის ნარკოტიკული ნივთიერების განზრახ, უკანონო ჩადებაზე, ამ საკითხზე გამოძიების დაწყების შესახებ პროკურატურამ მხოლოდ დღეს განაცხადა. მათი თქმით, პროკურატურის დაგვიანებული რეაქცია თავისთავად აჩენს კითხვებს ამ საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარების რეალური ნების არსებობაზე:
“გიორგი გიორგანაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 0,3726 გრ. ბუპრენორფინის ფლობისთვის, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, არსებული ნარკოპოლიტიკის უსამართლობას და ნარკოპოლიტიკის გაჭიანურებული რეფორმის მძიმე სოციალურ შედეგებს, რომელიც არაერთი ადამიანის მრავალწლიან, რეპრესირებას და იზოლაციას იწვევს. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა მართლმსაჯულების სისტემის მანკიერება, რომელსაც არ შესწევს უნარი და გამბედაობა მის ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით, დაუპირისპირდეს უსამართლო სისტემას და დაიცვას მოქალაქეები არაპროპორციული სასჯელებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ ბახალა თვეების განმავლობაში საუბრობდა მისთვის ნარკოტიკული ნივთიერების განზრახ, უკანონო ჩადებაზე, ამ საკითხზე გამოძიების დაწყების შესახებ პროკურატურამ მხოლოდ დღეს განაცხადა. პროკურატურის დაგვიანებული რეაქცია თავისთავად აჩენს კითხვებს ამ საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარების რეალური ნების არსებობაზე. გასათვალისწინებელია, რომ არცერთ სხვა საქმეში, სადაც პირები პოლიციის მხრიდან ნარკოტიკის უკანონო ჩადებაზე საუბრობდნენ, საზოგადოებას არ დაუნახავს პროკურატურის ძალისხმევა ჩაეტარებინა დამოუკიდებელი გამოძიება.
ნათელია, რომ ნარკოპოლიტიკის დაუსრულებელი რეფორმა და სასამართლოში დაგროვილი პრობლემები კიდევ უფრო აღრმავებს მართლმსაჯულების სისტემის კრიზისს და სოციალურ უკმაყოფიილებას. შექმნილი სიტუაცია ასუსტებს ლეგალისტური გზებით სამართლიანობის მიღწევის რწმენას, რამაც ცალკეულ შემთხვევებში წინააღმდეგობის რადიკალური ფორმებით გამოხატვას შეიძლება შეუწყოს ხელი.
დღეს სასამართლოსთან დაკავებული ბექა წიქარიშვილის მიმართ გამოძიების დაწყება სისხლის სამართლის წესით, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არსებული სისტემა ვერ იაზრებს რეპრესიული პოლიტიკის მძიმე სოციალურ ეფექტებს და არსებულ წინააღმდეგობას კვლავ რეპრესიით პასუხობს. გარდა იმისა, რომ ბექა წიქარიშვილის მიმართ გამოყენებული დემონსტრაციულად მკაცრი ზომები სამართლებრივად პრობლემური ჩანს, ის ასევე უნდა განვიხილოთ როგორც სახელმწიფოს მსუსხავი ეფექტის მქონე ნაბიჯი საზოგადოებრივი პროტესტების მიმართ”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. ის მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ხოლო დღეს კი მას სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 8-წლით მიესაჯა.
ბრალდებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს. თუმცა მოსამართლემ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ „თეთრი ხმაურის მოძარაობის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა სასამართლოს შენობას პროტესტის ნიშნად აგური ესროლა, რის შედეგადაც მინა ჩაიმსხვრა და ის მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.