ახალი ამბები მთავარი სამართალი

გედევან ფოფხაძე: “კრიმინალი გაიზრდება თუ არ გაიზრდება ეს იმას არ ნიშნავს, რომ პატიმარი ციხეში გააუპატიურო”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე „მეტრონომთან“ საუბრისას ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არის დანაშაულის რაღაც კატეგორია, რომელიც გარკვეულ პერიოდში იმატებს და რაღაც კატეგორია იკლებს, ერთგვარი გრადაცია ყოველთვის არის

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური სტატისტიკა უნდა გამოაქვეყნოს. სხვანაირად ვერ გეტყვით მოიმატა თუ არა კრიმინალმა. მე რაც საზოგადოებრივ ცხოვრებასთან მაგ კუთხით მაქვს შეხება, ვერ გეტყვით, რომ ამ მხრივ საზოგადოებაში რადიკალური ცვლილებებია. წმინდა სტატისტიკურად რომ მივუდგეთ, გამამტყუნებელი განაჩენისა და დაჭერილი ადამიანების რაოდენობით საქართველოს ციხეებში 24 000 ადამიანი იყო. არის დანაშაულის რაღაც კატეგორია, რომელიც გარკვეულ პერიოდში იმატებს და რაღაც კატეგორია იკლებს, ერთგვარი გრადაცია ყოველთვის არის. მაგის ანალიზი უნდა გააკეთოს შსს-მ. მაგას პოლიტიკოსი ვერ გეტყვით. შეიძლება, კრიმინალური სამყარო არსებობს, სოციალური ფონი ამას ხელს უწყობს. ბუნებრივია, შეიძლება, ვიღაცას მიაჩნია, რომ საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად სხვას მანქანას მოპარავს. ასეთი ადამიანები, სამწუხაროდ, სულ იარსებებენ. მე საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. მით უმეტეს, ოპოზიციის ერთი ნაწილი იმ დღის წესრიგით ცხოვრობს, რომ სააკაშვილის რეჟიმის არაადამიანური ფორმები გაამართლოს იმაზე აპელირებით, რომ ვითომ კრიმინალი იზრდება. კრიმინალი გაიზრდება თუ არ გაიზრდება ეს იმას არ ნიშნავს, რომ პატიმარი ციხეში გააუპატიურო. კანონიერი გზებით არის საჭირო კრიმინალთან ბრძოლა“, – განაცხადა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კრიმინალური ფაქტების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, რის გამოც ისინი ძალოვანი უწყებების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

იტვირთბა....