“როდესაც პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ექნება ადგილი, ჩვენ ორჯერ უფრო მომთხოვნები ვიქნებით,” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის(ბახალა) მიმართ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების ფაქტზე განაცხადა.
“ყველგან, სადაც პოლიციელის ღირსება ან მისი ფიზიკური უსაფრთხოება იქნება შელახული, ვიქნებით პრინციპულები. ასევე, როდესაც პოლიციელის მხრიდან ექნება უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი, ვიქნებით ორჯერ უფრო მომთხოვნები. ჩვენ რა თქმა უნდა, დაველოდებით პროკურატურის გამოძიების დასრულებას და ვნახავთ ამის შედეგებს. თუ იქ ჩვენმა თანამშრომელებმა ჩაიდინეს დანაშაული ან გადაამეტეს უფლებამოსილებას, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისად მოვიქცევით”, – განაცხადა გახარიამ.
პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრობლების მხრიდან მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო გიორგი გიორგანაშვილის საჯარო განცხადება, რომელშიც ის მიუთითებდა, რომ შს სამინისტროს თანამშრომლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი 14:30 საათზეა ჩანიშნული. მხარეები სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან.