ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” ქართული ოცნების” შესაძლო, კანდიდატების შესახებ საუბრობს. ხუხაშვილი მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი გახდეს. ანალიტიკოსის აზრით, უსუფაშვილი ამ პოსტზე ნამდვილად საუკეთესო კანდიდატია, თუმცა ხუხაშვილისთვის წარმოუდგენელია, სხვა პარტიის ლიდერი როგორ შეიძლება ტექნიკურად “ქართული ოცნების” საპრეზიდენტი კანდიდატი გახდეს.
“მე პირადად დიდი სიამოვნებით ვისურვებდი, რომ დავით უსუფაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყოს. მას შესაბამისი სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარები და პროფესიონალიზმი აქვს. თუმცა წარმოუდგენელია, სხვა პარტიის ლიდერი როგორ შეიძლება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს. ეს უფრო ხელოვნურად გამოწვეულ საკითხად მეჩვენება.
რაც შეეხება ამ პოსტზე კვირიკაშვილის და სერგეენკოს კანდიდატების განხილვას, ესეც ბუნდოვან საკითხად მიმაჩნია. ჯანდაცვის მინისტრს საერთოდ გამოვრიცხავ, ხოლო რაც შეეხება პრემიერს, მასზე საუბარი ნამდვილად იყო, თუმცა ბოლო პერიოდის მოვლენების შემდეგ, მისი კანდიდატურაც კითხვის ქვეშ დადგა.
მეჩვენება, რომ მასაც პრეზიდენტობა დიდად არ ხიბლავს და ხომ არ დააძალებენ. მგონია, რომ მას პრემიერობა გაუტკბა, მაგრამ პოლიტიკურ რეალობას სწორად ვერ აფასებს. მას შესაბამისი კვალიფიკაცია არა აქვს. საბოლოო ჯამში ორი გამოსავალი აქვს, გადაჯდეს პრეზიდენტის სავარძელში, ხოლო თუ ფეხებს ძალიან დააბაკუნებს, მაშინ სულ ისე დარჩება და სახლში წავა”,-აცახდებს ხუხაშვილი “მეტრონომთან”.
კითხვაზე ხომ არ ეძებს ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” ახალ საპრეზიდენტო კანდიდატს, ხუხაშვილმა გვიპასუხა, რომ ამაზე ფიქრის დრო უკვე არის და გასაკვირიც არ იქნება თუ “ოცნების” გუნდში შიდა დიკსუსიები მიმდინარეობს. ხუხაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის კანდიდატი ვინ იქნება სახელმწიფოებრივად დიდად მნიშვნელოვანი არ არის, რადგანაც მისი უფლებები საკმაოდ შეზღუდულია. თუმცა მამართველი გუნდისთვის მაინც პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს და ამიტომ პარტიის შიგნით გარკვეული კულუარული ინტრიგები იქნება.
ავტორი: ელზა პაპოშვილი