აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რომელი დეპუტატები უჭერენ მხარს პრეზიდენტის ვეტოს: მმართველ გუნდში განხეთქილებაა

„ქართულ ოცნებაში“  “მაუწყებლობის შესახებ” კანონის გამო გუნდის შიგნით დიდი პრობლემები გაჩნდა. მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილი აღნიშნულ კანონპროექტს კრიტიკულად  აფასებს და “მეტრონომთან“ აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარს არ დაუჭერენ.

საპარლამენტო უმრავლესობა ორ ბანაკადაა გაყოფილი, რის გამოც პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე დადებული ვეტოს დაძლევისთვის საკმარისი ხმები ვერ გროვდება, გუნდში დიდი შიდა ბრძოლაა და შესაძლოა, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გაირკვეს, რომელი ბანაკი გაიმარჯვებს, კანონპროექტის მომხრეები თუ მოწინააღმდეგეები.

„მეტრონომთან“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე დეპუტატები ღიად საუბრობენ იმ ხარვეზებზე რის გამოც მას მხარს არ დაუჭერენ და მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სწორი და არგუმენტირებული გადაწყვეტილება მიიღო.

“ქართულ ოცნებაში” კანონპროექტის მოწინააღმდეგე ნაწილი აცხადებს, რომ 50 მილიონზე მეტი ლარით დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლობისთვის დამატებით რეკლამის საშუალების მიცემა არ არის სამართლიანი და ის მედიაბაზარზე  არაკონკურენტულ პირობებში იმყოფება.

თუმცა კანონის მოწინააღმდეგე დეპუტატები „მეტრონომთან“ ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მაინც მოხდება, რადგანაც მმართველ გუნდში მომხრე უფრო ბევრია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი პოზიციის შეცვლას არ აპირებენ.

კანონპროექტის მიღების მომხრეთა დიდი ნაწილს კი ეჭვიც არ ეპარება, რომ  ვეტოს დაძლევენ.  ჯერჯერობით უცნობია, რითი დასრულდება ეს ორთაბრძოლა და საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტიის ხელმძღვანელობა. “ოცნების” დეპუტატები აცხადებენ, რომ დღეს გადაწყდება, როდის შეიკრიბებიან საკითხის განსახილველად.

„მეტრონომთან“  მმართველი გუნდის დეპუტატი ნუკრია ქანთარია ადასტურებს, რომ ის იმ დეპუტატების ნაწილს მიეკუთვნება, რომელიც  პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, მან აღნიშნულ კანონპროექტს  წინაზეც მხარი არ დაუჭირა. ქანთარია ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რომელიმე კერძო ტელეკომპანიას არ უნდა გაეჯიბროს, რადგანაც მას თავისი სახელმწიფოებრივი ნიშა უნდა ჰქონდეს. დეპუტატი ამბობს, რომ დარგობრივი წამყვანი კომიტეტი წინააღმდეგია და კომიტეტის ყველა წევრმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ქანთარია იმედოვნებს, რომ ამჯერადაც პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე მათ მსგავსი პოზიცია ექნებათ.

„ბიუროს სხდომაზე განხილვა იქნება და იქ ზუსტად გავიგებთ ცალკეულ დეპუტატებს კანონპროექტთან დაკავშირებით რა პოზიციები ექნებათ. არ ვიცი კონკრეტულ დეპუტატებს რა შეხედულებები აქვთ, მათ მაგივრად საუბარი რთულია. მე ვეტოს დაძლევას მხარს  არ დავუჭერ. თუმცა არ მგონია, რომ ვეტოს დაძლევა ვერ მოხდეს, რადგანაც საკონსტიტუციო უმრავლესობის გავლენის მქონე ხალხი, მის დაძლევას შეძლებს. თუმცა გარანტიას გაძლევთ, რომ ჩემს მსგავსად დარგობრივი კომიტეტის წევრები ვეტოს დაძლევას მხარს არ დაუჭერენ. ვნახოთ, რამდენად იმოქმედებს ეს გავლენას“,-ამბობს ქანთარია „მეტრონომთან“.

„მეტრონომი“  ამ კანონის   მოწინააღმდეგე  დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს  რევაზ არველაძეს დაუკავშირდა. არველაძემ  საუბარში დაადასტურა, რომ  როგორც მისი, ასევე კომიტეტის წევრების პოზიცია უცვლელია და ისინი ვეტოს დაძლევას მხარს არ დაუჭერენ. არველაძე ამბობს, რომ დღეს ბიუროზე განხილვა იქნება და იქ გახდება ცნობილი ვინ ემხრობა და ვინ ეწინააღმდეგება.

თუმცა დეპუტატის  აზრით, ვეტოს დაძლევა მაინც მოხდება. მისი განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ტენდერების გარეშე,  ქონება შეიძინოს.  დეპუტატი ამბობს, რომ დაუშვებელია მაუწყებელს კომერციული რეკლამის უფლება ჰქონდეს, რადგანაც კომერციული ტელევიზიები დაზარალდებიან. ასევე, დეპუტატი ფიქრობს, რომ სტარტაპები სახელმწიფო ტელევიზიის დასაფინანსებელი არ არის.

„მე პირადად ვაპირებ, რომ პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დავუჭირო. ასევე, ვიცი, რომ მსგავსი დამოკიდებულება კომიტეტის წევრებსაც აქვთ. არ ვიცი ვნახოთ, შევიკრიბებით და ყველა თავის სათქმელს უფრო ზუსტად ჩამოაყალიბებს. დეპუტატები თავის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებენ. აქ არავინ არავის არაფერს არ აძალებს. კომიტეტში 18 წევრია და ისინი ვეტოს დაძლევას მხარს თუ არ დაუჭერენ ეს გადამწყვეტი ვერ იქნება.  მის დაძლევას 76 ხმა უნდა. ძალიან ძნელი სათქმელია ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს“,-აცხადებს არველაძე „მეტრონომთან“.

მმართველი გუნდის წევრი მამუკა მდინარაძე „მეტრონომთან“ საუბარში  ადასტურებს, რომ „ქართულ  ოცნებაში“ საზოგადოებრივ მაუწყებლის შესახებ  კანონპროექტს „ოცნების“ დეპუტატების ნაწილი ეწინააღმდეგება და ვეტოს დაძლევას მხარს არ უჭერენ. მდინარაძის თქმით, ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ პარტიაში რაიმე სახის დაპირისპირება არსებობს.

მისი აზრით, ეს არის ჯანსაღი და თავისუფალი აზრის ქონა, რომლის გამოხატვის უფლება ნებისმიერ დეპუტატს გააჩნია. მდინარაძე „მეტრონომთან“ არ აკონკრეტებს თავად დაუჭერს თუ არა ვეტოს დაძლევას მხარს. მისი თქმით, ამ განცხადებით, ის როგორც ყველაზე დიდი ფრაქციის  ხელმძღვანელი ზეგავლენას მოახდენს, რაც არაჯანსაღ გარემოს შექმნის.

„პარტიაში შექმნილ სიტუაციას ნუ დავარქმევთ იმას, რაც დემოკრატიის უპირობო ნიშანია. თუ მმართველ გუნდში ყველა დეპუტატს ერთიდაიგივე აზრი გვექნება, ამ ქვეყანას დავღუპავთ. იმიტომ არის პარლამენტი, სადაც დისკუსიის და აზრთა გაცვლა-გამოცვლით შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ. პარტიაში შიდა დისკუსიებს არასდროს არ ვმალავთ. მიდის ცხარე კამათი და ამაში გასაკვირი არაფერია.

სწორედ ამასთან დაკავშირებით გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება, რომ სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მედიის წარმომადგენლებს შევხვდებით და ფართო დისკუსია გვექნება. ჩვენი თვითმიზანი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა ან არდაძლევა არ ყოფილა, მთავარია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ სწორ გადაწყვეტიელბას ვიღებთ“,-აცახდებს მდინარაძე „მეტრონომთან“.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....