არასამთავრობო სექტორი კლუბ ბასიანთან მომხდარ ინციდენტს საგანგებო განცხადებით ეხმაურება და საქმეში პოლიტიკური თანამდებობის პირის შესაძლო ჩართულობაზე საუბრობს.
საუბარია “ქართული ოცნების” ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე, რომელიც წლების წინ ბრალდებულის ადვოკატთან ერთად მუშაობდა.
„მიგვაჩნია, რომ საქმე სასამართლოს მიმართ გარკვეულ კითხვებს წარმოშობს. განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მართლმსაჯულების სისტემა მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის კუთხით სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
საქმის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ეჭვები იმ ფაქტმა გაამძაფრა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული „პრივილეგირებული ოჯახის” წევრია, რაც ქვეყანაში არსებული არაჯანსაღი მართლმსაჯულების სისტემის პირობებში ქმნის შესაძლებლობას, საქმის წარმოება მიკერძოებულად წარიმართოს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ საქმეში შესაძლოა, ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი.
იმისათვის, რომ გაქარწყლდეს საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები შერჩევითი მართლმსაჯულების თაობაზე და მართლმსაჯულების სისტემაში პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩარევასთან დაკავშირებით, აუცილებელია, უზრუნველყოფილ იქნას საქმის სრულყოფილი, ობიექტური და სწრაფი გამოძიება,” – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კლუბ “ბასიანში” 13 იანვარს, დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრეს.
როგორც ირკვევა, ბრალდებული, რომელიც სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.