გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას ბინის ჩხრეკა დასრულდა. ამოღებულია რამდენიმე ნივთი, თუმცა კონკრეტულად რა ამაზე სამართალდამცველები არ საუბრობენ.
“გიორგი ჭანტურიას ბინაში სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკა. კონკრეტული ნივთებია ამოღებული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით დეტალებს. რა თქმა უნდა, ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტს უკავშირდება ყველაფერი. პირველი ჩხრეკის დროს ამ ნივთებთან დაკავშირებით არ გვქონდა ინფორმაცია”, – აცხადებს დეტექტივ-გამომძიებელი ნუკრი მატუა.
გიორგი ჭანტურიას სახლებში რუსთავსა და თბილისში ჩხრეკა დღეს ჩატარდა.
ცნობისთვის, სამსონ ქუთათელაძე საკუთრ კაბინეტში მოკლული 15 იანვარს საღამოს იპოვეს. ის “სტამბოლის ბაზრის” ერთ-ერთი მფლობელი იყო.
გენერალი ქუთათელაძე იყო მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის სარდალი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.